Aa
Aa

ფედერერმა ისევ სეტი წააგო, სხვა ფავორიტებიც იგებენ, თუმცა იოლად - ვერა...

წვიმის გამო US OPEN-ის სათამაშო დღის მხოლოდ რამდენიმე მატჩი გაიმართა. კორტზე ვიხილეთ ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროსთან 3 სეტში იმარჯვა, თუმცა არცთუ დამაჯერებელი თამაში აჩვენა.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ჰარდზე არცთუ ძლიერად მოთამაშე მეტოქესთან საკუთარი ჩაწოდება 5-ჯერ წააგო, საბოლოოდ კი 6:4; 7:6; 6:1 მოიგო და შემდეგ წრეში კუდლა-ლაიოვიჩის მატჩში გამარჯვებულს დაელოდება.

პირველი წრის მსგავსად მეორე რაუნდშიც სეტი წააგო როჯერ ფედერერმა, რომელიც ბოსნიელ დამირ ჯუმჰურთან თამაშში ძალიან ცუდად შევიდა და საწყის სეტში 0:4 ჩამორჩა. „მაესტრომ“ ეს პარტია ვერ გადაარჩინა, სამაგიეროდ შემდეგი 3 სეტი მოიგო და მომდევნო წრეში ევანსი-პუიეს წყვილში უკეთესს შეხვდება.

4 სეტში მოიგო თავისი მატჩი კეი ნიშიკორიმ, რომელმაც ამერიკელ ბრედლი კლანის წინააღმდეგობა გადალახა.

ქალთა შორის დღის ცენტრალური მატჩი ვენუს უილიამსსა და ელინა სვიტოლინას შორის შედგა. უკრაინელი თამაშის მიმდინარეობას დამაჯერებლად აკონტროლებდა და 6:4; 6:4 იმარჯვა. იგი მომდევნო წრეში იასტრემსკა-პეტერსონის შეხვედრის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

საკმაოდ რთული მატჩის ჩატარება მოუწია სერენა უილიამსს, რომელიც თანამემამულე კეტი მაკნეილის ხვდებოდა. პირველი სეტი 17 წლის მაკნეილის გამარჯვებით დასრულდა, შემდეგ კი უმცროსმა უილიამსმა თამაში დაალაგა და შემდეგ წრეში 5:7; 6:3; 6:1-ით გავიდა, სადაც მისი მეტოქე მუჩოვა ან ჰსიე იქნება.

მსოფლიოს მე-2 ჩოგანმა, ეშლი ბარტიმ, ლორენ დევისის წინააღმდეგობა ორ სეტში დაძლია - 6:2; 7:6. ასევე ორ სეტში იმარჯვა მედისონ კიზმა, რომელმაც ჩინელ ლინ ჟუს იოლად - 6:4; 6:1 მოუგო. ბარტის მეტოქე საკარი-პენის შეხვედრაში გაირკვევა, კიზი კი კენინი-ზიგმუნდის მატჩის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები