Aa
Aa

ძაპაკოსტა "რომაში" 1-წლიანი იჯარით ითამაშებს

იტალიური „რომას“ რიგები 27 წლის განაპირა მცველმა, დავიდე ძაპაკოსტამ, შეავსო. ფეხბურთელი იტალიის დედაქალაქში გუშინ ჩავიდა, დღეს კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ თანაგუნდელებთან ერთად პირველ ვარჯიშს გამართავს.

ძაპაკოსტა „ჯალოროსის“ მშრალი იჯარის წესით შეუერთდა, რაც ნიშნავს, რომ მომავალ ზაფხულს კვლავ „ჩელსიში“ დაბრუნება მოუწევს. ლონდონელები იჯარის სანაცვლოდ თანხას არ მიიღებენ, სამაგიეროდ, ფეხბურთელის წლიურ ხელფას 2.5 მილიონ ევროს რომაელები გადაიხდიან.

„ტორინოს“ ყოფილმა მცველმა რომის აეროპორტში მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამშობლო მოენატრა, რომში დაბრუნებით კი ბედნიერია. დაბრუნებით, რადგან დავიდე ამ ქალაქიდან 71 მილის მოშორებით მდებარე პატარა ქალაქ სორაშია დაბადებული. მისი ოჯახი ამჟამადაც იქ ცხოვრობს.

ძაპაკოსტა „ჩელსიში“ 2017 წელს, 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა „ლურჯების“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვა.

აქვე დავამატოთ, რომ „რომამ“ თავის არგენტინელ ცენტრალურ მცველ ფედერიკო ფასიოსთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები