Aa
Aa
19 აგვისტო 2019  |  12:47

კოუტინიო "ბაიერნს" შეუერთდა

კატალონიის „ბარსელონას“ ბრაზილიელი ფეხბურთელი, კოუტინიო ერთწლიანი იჯარით „ბაიერნში“ იასპარეზებს. „რეკორდმაისტერს“ ვადის გასვლის შემდეგ „პატარა ჯადოქრის“ კონტრაქტის 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.

შეთანხმება ორივე კლუბის წარმომადგენლებმა დაადასტურეს. მიუნხენური გრანდი „ბლაუგრანას“ 8,5 მილიონ ფუნტს გადაუხდის და „კოუს“ ხელფასს თავად დაფარავს.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კოუტინიომ გერმანული კლუბის ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და განაცხადა: „ჩემთვის აქ გადმოსვლა, ახალი გამოწვევაა ახალ ქვეყანაში. ბაიერნის მსგავსად მეც დიდი ამბიციები მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ახალ თანაგუნდელებთან ერთად მიზნებს მივაღწევ“.

ბრაზილიელი შემტევის გაფორმებასთან დაკავშირებით კომენტარი „რეკორდმაისტერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემაც გააკეთა და აღნიშნა: „კოუტინიოს გასაფორმებლად დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით და კმაყოფილები ვართ ტრანსფერის დასრულება რომ მოვახერხეთ. გვინდა ბარსელონას მადლობა გადავუხადოთ. თავისი კრეატიულობითა და საოცარი უნარებით, ფილიპე ის ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს შეტევას უმალვე გააძლიერებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები