ნეიმარის სამომავლო გეგმები - ყველაფერი
Aa
Aa

ნეიმარის სამომავლო გეგმები - ყველაფერი "რეალის" სასარგებლოდ იცვლება?

გავლენიანი ესპანური გამოცემები, Marca და AS ნეიმარის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ. გთავაზობთ ორივე ტაბლოიდის მიერ გამოქვეყნებულ ცნობებს.

Marca - ნეიმარი ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას. ბრაზილიელი ფეხბურთელი კუთხეშია მიმწყვდეული და ხვდება, რომ ყველაფერი მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული. სიტუაცია ისე ვითარდება, რომ შესაძლოა ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოუწიოს, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ არც კი განიხილავდა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი კარიერის "რეალში" გაგრძელებაზე უკვე აქტიურად ფიქრობს. "ნეის" "პარი სენ-ჟერმენის" დატოვება სურს და ხვდება, რომ ამ მომენტში ყველაზე რეალური ვარიანტი "სამეფო კლუბია". 27 წლის სუპერვარსკლავს მშვენივრად მოეხსენება, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგება იოლი არ იქნება, მაგრამ სხვა გამოსავალს უბრალოდ  ვერ ხედავს.

"ბლანკოსის" მესვეურებს ნეიმარის გარშემო შექმნილი ვითარება ლუიშ ფიგუს ტრანსფერს ახსენებთ და სჯერათ, რომ ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდება.

პსჟ-სა და "სამეფო კლუბს" კარგი ურთიერთობა აქვთ და "სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრები თითოეული ნაბიჯის გადადგმისას ფრთხილობენ. მათ არ სურთ შეცდომები დაუშვან და პარიზელები გაანაწყენონ.

AS - მადრიდის "რეალი" და "პარი სენ-ჟერმენი" მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ და ნეიმარის ტრანსფერს განიხილავენ. პირველი ნაბიჯი ფრანგულმა გრანდმა გადადგა. "პარკ დე პრენსის" ბინადრებმა "სამეფო კლუბის" წარმომადგენლებს დაურეკეს და განუცხადეს, რომ მზად არიან "ნეის" ტრანსფერი განიხილონ. ბუნებრივია უარზე არც "ბლანკოსია" და შესაბამისად არსებული ყინული დაიძრა.

"სამეფო კლუბი" პირველია, რომელსაც პსჟ დაუკავშირდა. როგორც ირკვევა პარიზელები თანახმა არიან "რეალისგან" გაცილებით ნაკლები მიიღონ, ვიდრე "ბარსელონას" დანებდნენ. თანაც ნეიმარს ესპანეთში დაბრუნების შანსი გაუჩნდება, ქვეყანაში, სადაც ის თავის დროზე ბედნიერი იყო.

დაბოლოს, როგორც ირკვევა კლუბები ერთწლიან იჯარას განიხილავენ, რაც ორივე მხარის ინტერესებში შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები