Aa
Aa

სიმეონე "ვერონასთან" მოლაპარაკებებს მართავს

ფლორენციის „ფიორენტინას“ არგენტინელ ფორვარდ ჯიოვანი სიმეონეს სერია A-ს მომავალი სეზონის დებიუტანტ „ვერონაში“ გადასვლა სურს. ვერონული გამოცემა HellasNews-ის თქმით, ფეხბურთელის აგენტი „ჯალობლუსთან“ ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს.

24 წლის ფორვარდის სურვილის მთავარი განმაპირობებელი ივან იურიჩთან ერთად მუშაობაა, რომლის ხელმძღვანელობითაც სიმეონეს „ჯენოაში“ საუკეთესო პერიოდი ჰქონდა. იურიჩი ვერონელთა დამრიგებლად სეზონის დასრულების შემდეგ დაინიშნა.

როკო კომისოს მისვლის შემდეგ „ფიორენტინაში“ ახალი ერა იწყება, რომელშიც, როგორც ჩანს, დიეგო სიმეონეს ვაჟი საკუთარ მომავალს ნათელ ფერებში ვერ ხედავს.

„ვიოლამ“ კევინ-პრინც ბოატენგი უკვე დაიმატა, უშუალოდ სიმეონეს შემცვლელად კი ფერნანდო ლორენტეს მოიაზრებს. Tuttomercatoweb-ის ცნობით, ვეტერან ესპანელთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და დიდი შანსია, იგი „იებს“ 1+1 სისტემის კონტრაქტზე შეუთანხმდეს.

აქვე დავამატოთ, რომ „ფიორე“ აქტიურ მოლაპარაკებებს რაჯა ნაინგოლანთანაც მართავს, რომელიც „ინტერიდან“ აბარგებაზეა ორიენტირებული და სხვა გუნდებთან ერთად, „სამპდორიასა“ და „კალიარისაც“ ელაპარაკება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები