ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგის მე-16 საფეხურზე რჩება
Aa
Aa

ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგის მე-16 საფეხურზე რჩება

როჯერ ფედერერის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც ჰამბურგის ტურნირზე საჩემპიონო ტიტული დაიცვა.

ბასილაშვილი 2018 წელს ჰამბურგში მსოფლიოს 81-ე ჩოგნის რანგში ჩავიდა, საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ტურნირის გამარჯვებული გახდა, წელს კი მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს მე-16 ჩოგანი გახლდათ.

ნიკამ გათამაშების მიმდინარეობისას უგო დელიენი, ხუან იგნასიო ლონდერო, ჟერემი შარდი და ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა, რითაც ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ მატჩში იგი რუს ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდა და 3-სეტიან ბრძოლაში 7:5; 4:6; 6:3 დაამარცხა.

ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონობისთვის 354 845 ევრო და 500 სარეიტინგო ქულა მიიღო. ქართველს რეიტინგში 20 ქულა დააკლდა, რადგან გასულ წელს ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიგო, ეს კი მსოფლიო კლასიფიკაციაში მაინც არაფერს ცვლის და ბასილაშვილი მიმდინარე კვირაშიც პლანეტის მე-16 ჩოგნის სტატუსით იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები