Aa
Aa

სილვა, აგუერო თუ დე ბრუინი - ვინ იქნება "სიტის" ახალი კაპიტანი?

ვენსან კომპანის წასვლის შემდეგ „მანჩესტერ სიტიში“ ახალი კაპიტნის არჩევის აუცილებლობა დადგა. ამ საკითხზე პრესასთან პეპ გუარდიოლამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კაპიტანს ფეხბურთელები თავიანთი სურვილის მიხედვით აირჩევენ.

„როცა ყველა ფეხბურთელი დაგვიბრუნდება, ახალ კაპიტანს მაშინ ავირჩევთ და ეს ფეხბურთელების სურვილის მიხედვით მოხდება. ამასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩაინიშნება, რომელზეც გადაწყდება, ვინ უკაპიტნებს გუნდს მომდევნო სეზონიდან“.

ჩინეთში „ვესტ ჰემთან“ გამართული ამხანაგური მატჩისას „ქალაქელებს“ დავიდ სილვამ უკაპიტნა, რომელიც გუნდის ღირსებას 2010 წლიდან იცავს. რეალურად, ორი მთავარი კანდიდატი სწორედ სილვა და ასევე სერხიო აგუერო არიან. არგენტინელი „ეტიჰედ სთედიუმზე“ 2011 წლიდან თამაშობს და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

კიდევ ერთ კანდიდატად კევინ დე ბრუინი მიიჩნევა, რომელსაც ამ თემაზე ჟურნალისტებიც დაეკითხნენ, ბელგიელმა გამთამაშებელმა კი განაცხადა, რომ თუკი ამას ფეხბურთელები ან კლუბი გადაწყვეტს, „სიტის“ კაპიტნობით ბედნიერი იქნებოდა.

ვენსან კომპანი „ქალაქელთა“ კაპიტნად 2011 წელს აირჩიეს, იგი კლუბის მაისურით 11 წლის განმავლობაში თამაშობდა. კომპანი რამდენიმე კვირის წინ მშობლიურ „ანდერლეხტში“ დაბრუნდა, სადაც მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქცია ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები