ლეონარდო ჟარდიმმა
Aa
Aa

ლეონარდო ჟარდიმმა "მონაკოს" ლეონარდო ჟარდიმის ტრანსფერი დაუკვეთა

თუ ვინმე პორტუგალიელი მწვრთნელის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ანერვიულდით, დამშვიდდით! ჟარდიმი სრულ ჭკუაზეა, მან კლუბს უბრალოდ ფეხბურთელის ტრანსფერი დაუკვეთა. 

"მონაკოს" დამრიგებელს პორტუგალიური "რიუ ავეს" 24 წლის მეკარის, ლეონარდო ჟარდიმის, საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა სურს. ასე რომ, შესაძლოა, ეს გვარების მიხედვით კურიოზული ტრანსფერი უახლოეს პერიოდში შედგეს.

მეორე მხრივ, ვილა დო კონდეს რეგიონის წარმომადგენელი კლუბის გოლკიპერს მსურველები საკმაოდ ბევრი ჰყავს და მისი ხელში ჩაგდება არც ისე მარტივი საქმე იქნება. "მის თაობაზე არაერთმა დიდმა კლუბმა მოგვმართა, "მონაკო" კი მორიგი დაინტერესებული მხარეა. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და კლუბი ეცდება, საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოს". - განუცხადა პორტუგალიურ O Jogo-ს "რიუ ავეს" პრეზიდენტმა - ანტონიო სილვა კამპოსმა.

ლეონარდო, რომელმაც პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა, "რიუ ავემ" 2018 წლის ზაფხულში ბრაზილიური "გრემიოდან" შეიძინა. ახალგაზრდა მეკარე სწორედ ამ კლუბის აღზრდილია, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი კი, სააგენტო transfermarkt-ის მიხედვით, 1 მილიონი ევროა.

ზოგადად, "რიუ ავე" კარგი სამეკარეო სკოლით გამოირჩევა, საფეხბურთო სამყარომ სწორედ ამ კლუბიდან გაიცნო: "სიტის" მეკარე - ედერსონ მორაეში და "ატლეტიკოს" კიპერი - იან ობლაკი.

2018-2019 წლების სეზონის პირველ წრეში ლეონარდოს მთავარი კონკურენტი გიორგი მაკარიძე იყო, რომელიც ზამთარში "სეტუბალის" შემადგენლობაში გადაბარგდა.

"მონაკოს" რიგებში ორი ვეტერანი კარის დარაჯი - დიეგო ბენალიო და დანიელ სუბაშიჩი ირიცხება, ჟარდიმს კი მინიმუმ 1 ახალი მეკარის დამატება სურს და მოგვარის ვარიანტზე ამიტომაც დაფიქრდა.

ვნახოთ, შედგება თუ არა ეს საინტერესო ტრანსფერი და თუ ასე მოხდა, ჟარდიმების გარჩევა, ფიზიკური შესახედაობის გარდა, მოქალაქეობითაც შეგვეძლება - 24 წლის გოლკიპერი ბრაზილიელია, 44 წლის მწვრთნელი - პორტუგალიელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები