Aa
Aa

"ბარსელონა" გრიზმანს "პსჟ-ს" უთმობს და აქცენტს ნეიმარის ტრანსფერზე აკეთებს

ზაფხულში კატალონიის „ბარსელონა“ ნეიმარის ტრანსფერის გაჩარხვაზე იქნება ორიენტირებული. ესპანური გამოცემა El Mundo „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საქმეში მესიც ჩაერთო. არგენტინელმა სუპერვარსკლავმა კლუბის პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს ნეიმარის შეძენა მოსთხოვა.

„ბარსას“ მმართველები ყველა ვარიანტს განიხილავენ და იმედი აქვთ, რომ ტრანსფერში ანტუან გრიზმანის ჩართვას მოახერხებენ, რომელიც ჯერ კიდევ „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია. „ბარსელონა“ ცდილობს იპოვოს გზა, რომლის დახმარებითაც მარტში გრიზმანთან მიღწეულ პირად შეთანხმებას „პსჟ-ს“ გადაულოცავს. შედეგად პარიზელები ანტუანს ზუსტად იმდენს გადაუხდიან, რამდენსაც „ბლაუგრანა“ დაჰპირდა და „ატლეტიკოს“ წინადადებით 1 ივლისს მიმართავენ. მაშინ, როცა გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროდან, 120-მდე დაიკლებს.

EL Mundo-ს ცნობით “ბარსელონას“ მმართველ საბჭოში დარწმუნებულები არიან, რომ ანტუანის ტრანსფერს „ბლაუგრანას“ რიგებში მოასპარეზე ფეხბურთელები უარყოფითად შეხვდებიან. ნეიმართან მიმართებით კი ყველაფერი სხვანაირადაა. „ბარსას“ მოთამაშეები ბრაზილიელის დაბრუნების პერსპექტივით მოხიბლულები არიან და ლიონელ მესი იმედოვნებს, რომ ბართომეუ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ „ნეის“ ტრანსფერი მთელ რიგ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ბრაზილიელი ანაზღაურების სახით 36.8 მილიონ ევროს იღებს და კატალონიურ გრანდს ამხელა რესურსი არ აქვს. ასე რომ თუ ნეიმარს „კამპ ნოუზე“ თამაში ნამდვილად სურს, დათმობებზე უნდა წავიდეს და სარჩელიც უნდა გამოიტანოს, რომელიც კლუბის წინააღმდეგ აქვს შეტანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები