Aa
Aa

"იუვენტუსი" კრიშტიანუ რონალდუს საჩუქარს უმზადებს

საფეხბურთო სამყარო და უცხოური პრესა ბოლო პერიოდში „იუვენტუსის“ სამომავლო გეგმებს აქტიურად განიხილავს. მასიმილიანო ალეგრის წასვლის შემდეგ „ბიანკონერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს რამდენიმე სპეციალისტს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა ამჯერად საუბარი „ბებერი ქალბატონის“ მომდევნო თავკაცზე არ გვაქვს.

Goal.com-ის ცნობით ტურინელები გეგმავენ კრიშტიანუ რონალდუს შეტევაში ახალი პარტნიორი მოუძებნონ და მაურო იკარდის გადაბირებაზე არიან ორიენტირებულები. „ნერაძური“ მზადაა არგენტინელ თავდამსხმელს შეელიოს, თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „იუვე“ მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

მილანელები მაუროს სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას არ ითხოვენ. „ინტერის“ ხელმძღვანელობას იკარდისა და დიბალას გაცვლა სურს.

გავრცელებული ინფორმაციით „ბიანკონერი“ გადაწყვეტილების მისაღებად ჯერჯერობით მზად არაა, თუმცა ნელ-ნელა ეგუება იმ ფაქტს, რომ უახლოეს პერიოდში არგენტინელი ნახევარმცველის გაშვება მოუწევს.

დიბალა 2017-18 წლების სეზონში „იუვეს“ ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და 22 გოლი შეაგდო, თუმცა კრიშტიანუ რონალდუს მისვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და გასულ სეზონში მეტოქე გუნდების კარის აღება მხოლოდ 5-ჯერ მოახერხა. რაც შეეხება იკარდის, მაუროს „ინტერში“ სერიოზული პრობლემები აქვს და ახლად დანიშნულ ანტონიო კონტეს მისი შენარჩუნება დიდად არ ხიბლავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები