Aa
Aa

"გოლდენ სტეიტმა" ბეწვის ხიდზე გაიარა! "მეომრებმა" ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნეს!

„გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ თავისი მებრძოლი ხასიათი და ჩემპიონის გული კიდევ ერთხელ გამოავლინა. სუპერფინალური სერიის მეხუთე შეხვედრაში „მეომრებმა“ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს და სტუმრად „ტორონტო რეპტორზს“ მინიმალური სხვაობით სძლიეს.

მატჩი ოკლენდელთა უპირატესობით დაიწყო. კევინ დურანტის დაბრუნებით ფრთაშესხმული „გოლდენ სტეიტი“ ჩვეულ სტილში ასპარეზობდა და სოლიდურ ჰანდიკაპსაც ფლობდა, თუმცა მეორე მეოთხედში „კეიდიმ“ ტრავმა გაიმიზეზა და იძულებული გახდა პარკეტი დაეტოვებინა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე „მეომრების“ საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტმა, ბობ მაიერსმა განაცხადა, რომ კევინმა აქილევსის მყესი დაიზიანა და ტრავმის სიმძიმე უახლოეს პერიოდში დადგინდება.

დურანტის გარეშე დარჩენილ „უორიორზს“ განსაკუთრებით მეოთხე მეოთხედში გაუჭირდა. კავაი ლეონარდმა ერთ მომენტში ზედიზედ 10 ქულა ჩააგდო და „ტორონტოს“ 6 ქულიანი უპირატესობა მოუპოვა. „რეპტორზის“ ლიდერის ფენომენალური თამაშის მიუხედავად „გოლდენ სტეიტმა“ ბოლომდე იბრძოლა, 9-0 გაქცევა მოაწყო და მატჩის დასრულებამდე 57 წამით ადრე 3 ქულით დაწინაურდა.

„მეომრებს“ კაილ ლოურიმ უპასუხა, რომელმაც ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. „უორიორზის“ მომდევნო იერიშისას კი დემარკუს კაზინსმა შეტევაში ჯარიმა მიიღო და „ტორონტოს“ საჩემპიონო სროლის განხორციელების საშუალება მიეცა. გადამწყვეტ ეპიზოდში ლიდერობა საკუთარ თავზე კავაი ლეონარდმა აიღო, თუმცა "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელები დაცვაში ჩინებულად გაისარჯნენ და "ტორონტოს" სუპერვარსკლავი იძულებული გახდა პასი გაეკეთებინა. საბოლოოდ სირენასთან ერთად სამიანი კაილ ლოურიმ გაუშვა, მაგრამ მისმა ტყორცნამ მიზანს არ უწია.

„გოლდენ სტეიტის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი სტეფ კარიმ შეიტანა, რომელმაც შეხვედრა 31 ქულით დაასრულა. კლეი ტომპსონმა აქტივში 26 ქულა და 6 მოხსნა ჩაიწერა. დემარკუს კაზინსი 14 ქულას დასჯერდა. დრეიმონდ გრინმა კი 10 ქულასთან ერთად ამდენივე მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

„ტორონტოს“ რიგებში საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ. კანადელთა მსუბუქი ფორვარდის ანგარიშზე 26 ქულა და 12 მოხსნაა. კაილ ლოურიმ 18 ქულა ჩააგდო. მარკ გასოლი 17 ქულით გამოირჩა, ხოლო სერჟ იბაკამ გუნდს 15 ქულა შესძინა.

კანადაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „გოლდენ სტეიტმა“ სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. „რეპტორზისა“ და „უორიორზის“ მორიგი დაპირისპირება „ორაქლ არენაზე“ 14 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები