Aa
Aa

"ბარსამ" ცენტრფორვარდი შეარჩია - ვალვერდეს რჩეული, რომელიც სუარესის კონკურენტი იქნება

„ბარსელონა“ ტრანსფერებზე მუშაობას აგრძელებს. კატალონიელები ზაფხულში პრაქტიკულად ყველა პოზიციის გაძლიერებას გეგმავენ.

დე იონგის გაფორმების შემდეგ „ბარსას“ მაისურის მორგებას ბევრ ფეხბურთელს უწინასწარმეტყველებენ. როგორც კლუბის პრეზიდენტმა ბართომეუმ განაცხადა, მათ უკვე განახორციელეს რამდენიმე ტრანსფერი, მაგრამ პრესა და ქომაგები ამას ჯერ ვერ შეიტყობენ.

როგორც ბართომეუმ თქვა გვარებს ესპანეთის სამეფო თასის ფინალის შემდეგ დაასახელებდა, თუმცა მას ჯერაც არაფერი უთქვამს.

როგორც ვიცით, „ბლაუგრანა“ 9 ნომრის გაფორმებას ცდილობს და ეს გრიზმანის ტრანსფერთან არანაირ კავშირში არ არის.

კლუბს სუარესის კონკურენტი და შემცვლელი სჭირდება. 32 წლის ურუგვაელი ხშირად ტრავმიანობს, ძველებურად ვეღარ გამოიყურება და ის ძირითადის ხელშეუხებელ მოთამაშედ აღარ ითვლება.

რამდენიმე საინტერესო კანდიდატურიდან კატალონიელებმა ერთი შეარჩიეს. Sport-ის ცნობით, „ბარსა“ „ვალენსიას“ ბრაზილო-ესპანელ ფორვარდს როდრიგო მორენოს უმიზნებს.

28 წლის როდრიგოს შეძენას „ბარსელონა“ პირველად არ ცდილობს. ფეხბურთელს „ღამურებთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროს შეადგენს.

სავარაუდოა, რომ „ბარსა“ ამდენის გადახდას არ მოისურვებს და „ვალენსიასთან“ მოლაპარაკებებს გამართავს. კლუბებს ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ და ბარტერის ვარიანტიც მოსალოდნელია.

„ღამურები“ „ბარსელონას“ საკუთრებაში მყოფი დენის სუარესით ინტერესდებიან და შესაძლოა მოლაპარაკებებში სწორედ ეს უკანასკნელი გამოიყენონ. რა თქმა უნდა, გარკვეულ თანხასთან ერთად.

როგორც Sport-ი წერს, ერნესტო ვალვერდეს სიაში როდრიგო პირველ ადგილზე იმყოფება და ბასკი სპეციალისტი მისი შეძენის მომხრეა.

როდრიგო ამპლუით ცენტრფორვარდი გახლავთ, თუმცა მას ფლანგზე თამაშის საკმაოდ კარგი გამოცდილებაც აქვს. ვალვერდეს მისი გადაბირება სწორედ ამ თვისებების გამო სურს.

შეგახსენებთ, რომ როდრიგო მორენო „რეალის“ C და B გუნდებში 2009-2010 წლებში ასპარეზობდა, შემდეგ კი 5 წლით „ბენფიკაში“ თამაშობდა, 2015 წლიდან „ღამურების“ ღირსებას იცავს. მის ანგარიშზე 186 შეხვედრაში 52 გოლი და 30 საგოლე გადაცემაა.

როდრიგოს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში უკვე სისტემატურად იძახებენ. „ფურია როხას“ მაისურით 17 შეხვედრაში მან 5 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები