Aa
Aa

"ტორონტომ" "ფილადელფია" გაანადგურა და საკუთარი ისტორია გადაწერა

გამთენიისას კავაი ლეონარდის „ტორონტო რეპტორსმა“ ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოიპოვა და „ფილადელფიასთან“ სერიაში დაწინაურდა. კანადელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, 125-ით 89 სძლიეს და საკუთარი ისტორია გადაწერეს.

„სევენთი სიქსერსთან“ ჯახში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა „ტორონტომ“ პლეიოფში მეტოქე 36 ქულიანი სხვაობით დაამარცხა. აღსანიშნავია ისიც, რომ „ფილას“ გადამწყვეტ ეტაპზე 36 ქულაზე დიდი სხვაობით მხოლოდ ერთხელ აქვს წაგებული! 1982 წელს „ბოსტონმა“ კონფერენციის ფინალში „ფილადელფიას“ 40 ქულით აჯობა.

ნიკ ნერსის ბიჭების წარმატება გუნდური კალათბურთის დამსახურება გახლდათ. მასპინძელთა რიგებში 10 ქულიანი ნიშნული 6-მა მოთამაშემ გადალახა. საუკეთესო კი პასკალ სიაკამი გახლდათ, რომელმაც 25 ქულასთან ერთად 8 მოხსნა მიითვალა. რაც შეეხება „რეპტორსის“ უდავო ლიდერს, კავაი ლეონარდმა შედარებით მოკრძალებული შედეგი დააფიქსირა და მხოლოდ და მხოლოდ 21 ქულას დასჯერდა.

“სქოთიაბენკ არენაზე“ განცდილი მარცხის შემდეგ „ფილადელფია“ ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება. ბრეტ ბრაუნის ბიჭებს მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად მიჯრით ორი შეხვედრის მოგება მართებთ. „სევენთი სიქსერსს“ სერიაში ანგარიშის გათანაბრების შანსი 10 მაისს მიეცემა, როცა „ტორონტოს“ საკუთარ კედლებში შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები