Aa
Aa

უიმბლდონზე საპრიზო ფონდი იზრდება

წლის რიგით მე-3 დიდი სლემის საჩოგბურთო ტურნირის, უიმბლდონის, წლევანდელი საპრიზო ფონდი 11.8%-ით გაიზრდება. ამის შესახებ ტურნირის ორგანიზატორებმა გუშინ ოფიციალურად გამოაცხადეს.

ლონდონის მახლობლად, უიმბლდონში, გასამართი გათამაშების ჯამური საპრიზო ფონდი 38 მილიონი ფუნტი იქნება. როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა თანრიგის გამარჯვებული 2.35 მილიონ ფუნტს მიიღებს, რაც წინა წლის საპრიზო თანხასთან შედარებით 100 ათასი ფუნტით მეტია.

საპრიზო თანხა ასევე გაიზრდება ადრეულ რაუნდებში დამარცხებულთათვისაც, მაგალითად, პირველ წრეში წაგებული მოთამაშის საბანკო ანგარიშზე 10%-ით მეტი - 45 ათასი ფუნტი ჩაირიცხება.

წლევანდელ უიმბლდონს ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაც შეეხება და იგი ისტორიაში პირველი ტურნირი გახდება, რომლის გადამწყვეტ სეტშიც ტაიბრეიკი არა 6:6-ზე, არამედ 12:12-ზე დაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონი დიდი სლემის ერთადერთი ტურნირია, რომელიც ბალახის საფარზე იმართება, მისი წლევანდელი გათამაშება 1-14 ივლისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები