Aa
Aa

The Sun - "რეალმა" აზარს მეგა-შეთავაზება გაუკეთა

The Sun-ის ექსკლუზიური ინფორმაციის მიხედვით მადრიდის „რეალმა“ ლონდონის „ჩელსის“ სუპერვარსკლავს, ედენ აზარს, მეგა-წინადადებით მიმართა. „სამეფო კლუბმა“ ბელგიელ შემტევს ანაზღაურების სახით კვირაში 400 000 ფუნტი და პლუს ბონუსები შესთავაზა, თანაც ამ თანხაში გადასახადებიცაა გათვლილი.

28 წლის ფეხბურთელს „არისტოკრატებთან“ ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და „სტემფორდ ბრიჯის“ დატოვებას გეგმავს. აზარს დიდი ხანია „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაში უნდა და ზიდანთან მუშაობის პერსპექტივა ძალიან ხიბლავს. „ლურჯებს“ ედენის გასხვისება არ სურთ, თუმცა სხვა გზა ფაქტობრივად არ აქვთ. „ჩელსი“ სავარაუდოდ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს 100 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელევა.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემის ცნობით მადრიდელები „არისტოკრატებს“ ოფიციალური წინადადებით სეზონის დასრულების შემდეგ მიმართავენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ აზართან კონტრაქტის პირადი დეტალები უსწრაფესად შეათანხმონ. ასტრონომიული ანაზღაურების გარდა „სამეფო კლუბი“ აპირებს ბელგიელის გამოსასყიდ თანხად 250 მილიონი ფუნტი დააფიქსიროს.

ბოლოდროინდელი ცნობების მიუხედავად აზარმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე მხოლოდ „ჩელსიზეა“ კონცენტრირებული და მაქსიმუმს იზამს, რათა „არისტოკრატებმა“ წარმატებას მიაღწიონ.

წლეულს „ლურჯები“ პრემიერ ლიგის ოთხეულში მოსახვედრად და ევროპა ლიგის ჩემპიონობისთვის იბრძვიან. მაურიციო სარის გუნდი ინგლისის უმაღლესი დივიზიონის მეოთხე პოზიციას იკავებს და უშუალო მდევარს, „არსენალს“, ერთი ქულით უსწრებს. რაც შეეხება ევროპა ლიგას, „ჩელსი“ ნახევარფინალში საუკეთესოს ვინაობას „ფრანკფურტის აინტრახტის“ წინააღმდეგ გაარკვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები