პოგბამ თანაგუნდელებს აცნობა, რომ სეზონის ბოლოს "მანჩესტერს" დატოვებს
როგორც ჩანს პოლ პოგბა „ოლდ ტრაფორდზე“ თავის ბოლო სეზონს ატარებს. ფრანგის ტრანსფერის შესახებ საუბრები სულ უფრო ხშირდება და ყოველდღე ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
საკმაოდ დიდი ალბათობაა იმის, რომ „იუნაიტედი“ წელს ოთხეულში ვერ მოხვდება და გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს, რაც ავტომატურად გუნდიდან რამდენიმე მოთამაშის წასვლას ნიშნავს.
წამსვლელთა სიაში პირველ ადგილს პოლ პოგბა იკავებს. L’Equipe-ის ინფორმაციით, ფრანგმა შუახაზელმა თანაგუნდელებს უკვე აცნობა, რომ სეზონის ბოლოს ის გუნდს დატოვებს.
26 წლის პოგბას კარიერაში გადამწყვეტი ეტაპი დგას. სანაკრებო წარმატების შემდეგ ფეხბურთელი საკლუბო დონეზე თავისი სიტყვის თქმას შეეცდება და ის ხვდება, რომ საამისოდ გუნდის შეცვლა სჭირდება.
ფაქტია, რომ პოგბა „მანჩესტერში“ თავის თამაშს ვერ აჩვენებს და არასტაბილურობითაც გამოირჩევა.
როგორც ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ თქვა, ინგლისის დატოვების შემთხვევაში პოლი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს. რა თქმა უნდა, განიხილება მხოლოდ ორი ვარიანტი - „რეალი“ და „ბარსა“.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ კატალონიელებმა ფრენკი დე იონგის შეძენის შემდეგ კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატება მოინდომონ. აქედან გამომდინარე პოგბას „რეალში“ გადასვლის შანსები საკმაოდ მაღალია.
თავის მხრივ, მოლაპარაკებებში ჩართვას გეგმავს „იუვენტუსიც“, რომელიც ზაფხულში მადრიდელთა მსგავსად შემადგენლობის გვარიანად გაძლიერებას აპირებს.
ვნახოთ რამდენად გამართლდება რაიოლას სიტყვები... პოგბას სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, თუმცა მის მსურველ კლუბს 100 მილიონზე მეტის გადახდა ნამდვილად მოუწევს.