შესაძლოა, სიტი ფეხბურთიდან მოკვეთონ | ინგლისური კლუბი უმკაცრესი სასჯელის მოლოდინში
„მანჩესტერ სიტი“ 115-დან 114 ფინანსურ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბს ფეხბურთიდან საერთოდ მოკვეთა ემუქრება. სკანდალურმა ცნობამ საფეხბურთო სამყაროში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ახლა „ქალაქელები“ წლების განმავლობაში ჩადენილი სავარაუდო ფინანსური დარღვევების გამო უმკაცრესი სასჯელის მოლოდინში არიან.
talkSPORT-ის ჟურნალისტის, ბენ ჯეიკობსის ცნობით, ინგლისის პრემიერლიგა უკიდურესად მკაცრ სასჯელს ითხოვს, რაც სარეკორდო რაოდენობის ქულების დაკლებასა და უმაღლესი დივიზიონიდან დაქვეითებას გულისხმობს. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ინგლისის საფეხბურთო ლიგამ (EFL) შესაძლოა სოლიდარობა გამოიჩინოს და „სიტი“ საკუთარ, დაბალ ლიგებში არ დაუშვას.
„ქულების დაკლებასთან დაკავშირებით, პრეცედენტები არსებობს — კერძოდ, „ევერტონისა“ და „ნოტინგემ ფორესტის“ საქმეები, რამაც შესაძლოა სასჯელის ფორმირებაზე გარკვეული გავლენა იქონიოს,“ — აღნიშნავს ჯეიკობსი. — „თუმცა, ეს საქმე გაცილებით მასშტაბურია. ჩემი ინფორმაციით, პრემიერლიგა მნიშვნელოვან, სარეკორდო და უპრეცედენტო ქულების დაკლებასთან ერთად, „მანჩესტერ სიტის“ დაქვეითებასაც ითხოვს.“
ჟურნალისტმა ვითარების შესაძლო ესკალაციაზეც ისაუბრა: „შემიძლია ექსკლუზიურად გითხრათ — თუ „მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგიდან მოკვეთენ, ინგლისის საფეხბურთო ლიგა (EFL) მზადაა, ვერდიქტი გაიზიაროს, სოლიდარობა გამოუცხადოს პრემიერლიგას და კლუბი თავის რიგებში არ მიიღოს. ასე რომ, არსებობს ე.წ. „განკითხვის დღის სცენარის“ საფრთხე, რომლის მიხედვითაც „სიტი“ შესაძლოა ფეხბურთიდან საერთოდ გააძევონ.“
მიუხედავად ამისა, ჯეიკობსი საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს: „ხაზს ვუსვამ, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი იურიდიული შესაძლებლობაა და სასჯელის ფორმაზე ზედმეტი სპეკულაციებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ამ ეტაპზე ყველაზე გონივრული დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილებასა და პროცესის ბოლომდე მისაყვანად დალოდებაა.“