Aa
Aa

"ჰიუსტონის" რეკორდი და ჰარდენის ბრწყინვალე გამოსვლა

„ჰიუსტონ როქეთსი“ საჩემპიონო რბოლის დასკვნით ეტაპს ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა. ტექსასელებმა „იუტა ჯაზი“ საკუთარ კედლებში მეორედ დაამარცხეს, თანაც ისე, რომ დონოვან მიჩელის გუნდს სასურველი შედეგის დაფიქსირების შანსიც არ ჰქონია.

მაიკ დენტონის კოლექტივის წარმატებაში ლომის წვლილი ჯეიმს ჰარდენს მიუძღვის. 29 წლის მსროლელმა მცველმა ისევ გაიბრწყინა და შეხვედრა 32 ქულით, 13 მოხსნით და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

„იუტასთან“ მატჩი „წვერასთვის“ განსაკუთრებული გამოდგა. ჰარდენი ელიტარულ კომპანიას შეუერთდა და NBA-ის ისტორიაში მეექვსე კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეიოფებში 30 ქულიანი სამმაგი დუბლი მინიმუმ ორჯერ გაიფორმა. „ჰიუსტონის“ ლიდერის გარდა მსგავსი შედეგი რასელ უესტბრუკს, ლებრონ ჯეიმსს, ჩარლზ ბარკლის, უილტ ჩემბერლენს და ოსკარ რობერტსონს აქვთ დაფიქსირებული.

აღსანიშნავია, რომ „ჯაზის“ წინააღმდეგ „როქეთსმა“ საწყის 24 წუთში 13 სამქულიანი მოათავსა, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეკორდია.

გამთენიისას მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „ჰიუსტონი“ სერიაში 2-0 დაწინაურდა. „იუტა“ სიტუაციის გამოსწორებას საშინაო არენაზე შეეცდება. „ჯაზმენები“ მშობლიურ პარკეტზე მიმდინარე სეზონის პლეიოფის პირველ შეხვედრას 21 აპრილს გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 06:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები