ყველაფერი, რაც გასულ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გასულ "ელ კლასიკოში" გამოგრჩათ

გთავაზობთ მნიშვნელოვან კომენტარებსა და ფაქტებს, რომელიც გასული „ელ კლასიკოს“ შემდეგ დაფიქსირდა.

ბერნდ შუსტერმა „რეალი“ არ დაინდო: „მადრიდელებმა გოლის გატანის ალღო დაკარგეს. მათ თავიანთ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი (რონალდუ) დაკარგეს.

„რეალის“ ნახევარდაცვაში ლიდერობას არავინ ტვირთულობს. მათ „ჟირონასთანაც“ კი ვერ დაიკავეს მოედნის ცენტრი. ტონი კროოსი დიზელზე მომუშავე ტრაქტორია.

ვარანი მოედანზე საკუთარი თავის აჩრდილი იყო. კარვახალი კი არბელოას ბუცებით თამაშობდა“.

კაზემირომ მატჩი შეაფასა, ვინისიუსი დაიცვა და პენალტი აღიარა: „მხოლოდ ვინისიუსზე საუბრი სამართლიანად არ მიმაჩნია. ის გამბედავია, არაფრის ეშინია და ეს მისი ასაკიდან გამომდინარე ნამდვილად გასაოცარია.

პენალტი აშკარა იყო, არც გამიპროტესტებია. ამ შემთხვევაში სუარესი ჩემზე ჭკვიანი გამოდგა.

ბეილის შესახებ? მოდი ასე ვიტყვი, გასულ კვირას კარიმ ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი იყო... ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რაც ვართ.

მტკივნეული მარცხი იყო, რომელიც უნდა დავივიწყოთ. ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ რაც გვაქვს“.

მადრიდული AS-ი გუშინდელ შეხვედრას მოკლე და კონკრეტული სათაურით აფასებს: „ვინისიუსი მარტოა“.

ვარანის გაგლეჯილი მუხლი

მეორე გოლის ეპიზოდში, როდესაც რაფაელ ვარანმა ავტოგოლი მიითვალა, მან მუხლზე დაზიანებაც მიიღო.

შეხვედრის შემდეგ ფრანგმა ფეხბურთელმა ინტერნეტში ფეხის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც საკმაოდ მძიმედ გამოიყურება.

ალბამ ვინისიუსის შესახებ ისაუბრა და მადრიდული პრესის მიერ მისი და მესისთან შედარების შესახებ თავისი მოსაზრება დააფიქსირა:

„მე არასდროს მისაუბრია ვინისიუსის შესახებ ცუდად. მართალია ბრაზილიელზე მცირე კომენტარი გავაკეთე, მაგრამ ნეგატიური ნამდვილად არა.

ის შესანიშნავი მოთამაშეა, რომელიც „რეალს“ ბევრ რამეს აძლევს. ასეთ დიდ კლუბში როგორიც „ბლანკოსია“ ადვილი არ არის, რომ 18 წლის ახალგაზრდამ ამდენი მომენტი შექმნა.

ვინისიუსი ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მესისთან მისი შედარება არ შეიძლება. ზოგადად, მსოფლიოში ლეოს გვერდით არავის დასახელება არ არის მართებული, მას ვერავინ გაუტოლდება“.

პიკე VAR-ი და პოლიტიკა...

შეხვედრის შემდეგ ხერარდ პიკე ჩვეულ სტიქიაში იყო და მორიგი ხმამაღალი კომენტარიც გააკეთა:

„თუ მადრიდული პრესა ვიდეო რეფერიზე საუბარს ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს და პოლიტპატიმრების უსამართლო სასამართლო პროცესისთვის მეტ დროს გამოყოფს, ქვეყანა გაცილებით უკეთ იქნება“.

რამოსი და მესი პაკო ხენტოს უახლოვდებიან

გასული მატჩის შემდეგ სერხიო რამოსი და ლეო მესი პაკო ხენტოს უახლოვდებიან, რომელმაც „ელ კლასიკოში“ თავისი კარიერის მანძილზე 42-ჯერ ითამაშა.

ფრანცისკო ხენტო „რეალის“ ღირსებას 1953-1971 წლებში იცავდა.

ეს საუკეთესო შედეგი არ გახლავთ, ხენტოს ერთი მატჩით მანოლო სანჩისი უსწრებს. მესამე პოზიციას კი ჩავი იკავებს, რომლის შემდეგ რამოსი და მესი მოდიან.

რამოსის ანგარიშზე 41 „კლასიკოა“, ხოლო მესის 40. მომდევნო შაბათს კი ორივე მათგანი მორიგ შეხვედრას გამართავს და ერთი ნაბიჯით წინ წაიწევენ.

მადრიდელთა კაპიტანი ხენტოს ოფიციალურად გაუთანაბრდება, მესის კი ერთი მატჩი დარჩება.

მოქმედი მოთამაშეებიდან მოწინავე ხუთეულთან ყველაზე ახლოს ბუსკეცი (36) და პიკე (33) არიან.

მატჩის საუკეთესო კადრი - მოდრიჩი მესის მეურვეობს

რამოსის უცნაური შეძახილი

ესპანურმა Marca-ამ ერთი ძალიან უცნაური და შეიძლება ითქვას „რეალისთვის“ საგანგაშო მომენტი დააფიქსირა.

როცა „ბარსელონა“ 3:0-ს იგებდა, კამერებმა და ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს სერხიო რამოსის შეძახილი, რომელიც გუნდს ასეთ რამეს მოუწოდებდა: „მოდით არ მივცეთ „ბარსელონას“ უფლება, რომ 6 გოლი გაგვიტანოს“.

როგორც ჩანს მადრიდელთა ეს თაობა ჩემპიონთა ლიგის ხშირად მოგებასთან ერთად „ბარსელონასთან“ ხშირად წაგებასაც მიეჩვია და რამოსს სურდა, რომ მის გუნდს მორიგი 2:6, ან 0:5 არ წაეგო.

ეს ფსიქოლოგიის მხრივ კარგი ამბავი ნამდვილად არ არის...

გუშინდელ შეხვედრაში ვალვერდეს გუნდმა მოდით ვთქვათ, რომ არც ისე კარგად ითამაშა, მაგრამ 3:0 მოიგო. ასეთ მატჩებს ადრე კაპელოს „იუვენტუსი“ და ანჩელოტის „მილანი“ იგებდა, რომელთათვის ეს ხელწერა ნაცნობი და დამუშავებული იყო, თუმცა „ბარსელონასთვის“ ასეთი რამ უცხოა.

ვალვერდემ სოლარის ტაქტიკური დუელი აშკარად მოუგო. „ბარსამ“ კი „რეალი“ ფსიქოლოგიურად გატეხა.

კეილორ ნავასი აუტის ხაზთან სუარესის მოტყუებას ცდილობს

ასევე იხილეთ - Daily Mail - ერთობლივი ვარჯიშისას ინგლისელმა და ქართველმა მორაგბეებმა იჩხუბეს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები