Daily Mail - ერთობლივი ვარჯიშისას ინგლისელმა და ქართველმა მორაგბეებმა იჩხუბეს
Aa
Aa

Daily Mail - ერთობლივი ვარჯიშისას ინგლისელმა და ქართველმა მორაგბეებმა იჩხუბეს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, Daily Mail-ის ცნობით, ერთობლივი ვარჯიშის პირველ დღეს საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების მორაგბეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბში მონაწილეობა საკმაოდ ბევრმა მოთამაშემ მიიღო და ყველაფერი სკოლის მოსწავლეების თვალწინ მოხდა, რომლებიც ვარჯიშს ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ოქსფორდში ბრიტანელთა თავკაცის, ედი ჯოუნსის მიწვევით იმყოფება. ინგლისელებს შერკინების გაუმჯობესება სურთ და 9 მარტს, იტალიას წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადებიან.

Daily Mail აცხადებს, რომ ყველაფერი ქართველებმა წამოიწყეს და პირველი შერკინების შემდეგ ინგლისელებს დაუპირისპირდნენ. სიტუაცია ნელ-ნელა დაიძაბა. მოთამაშეებმა ერთმანეთს ხელი ჰკრეს, მუშტები დაუშინეს და ყველაფერი დიდ ჩხუბში გადაიზარდა. მდგომარეობის განმუხტვა მწვრთნელებმა სცადეს. გრეემ როუნთრიმ ქართველებს დაშოშმინებისკენ საკმაოდ ხმამაღლა მოუწოდა. სამწუხაროდ დაძაბულობამ რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ იჩინა თავი...

მეორე შერკინება ზუსტად ისე წარიმართა, როგორც პირველი. მორაგბეები ერთმანეთს ფიზიკურად კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ და ამჯერად უფრო მასშტაბური ჩხუბი ატეხეს. ამის პარალელურად ინგლისის ნაკრების უსაფრთხოების წარმომადგენლები მაყურებლებთან მივიდნენ და მობილური ტელეფონების შენახვა მოსთხოვეს, რათა ინციდენტის ამსახველი კადრები არ დაეფიქსირებინათ. ჟურნალისტებს კი ვარჯიშზე დასწრების უფლება მას შემდეგ მისცეს, რაც ყველაფერი ჩაწყნარდა.

როგორც ირკვევა ჩხუბის გამო  ინგლისის ნაკრების რამდენიმე მორაგბემ ქართველებთან ვარჯიშზე უარი განაცხადა. აღსანიშნავია, რომ სესიის დასრულების შემდეგ მოთამაშეები ღირსეულად მოიქცნენ და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

ასევე იხილეთ - "ბორჯღალოსნებმა" ინგლისის ნაკრებთან პირველი ერთობლივი ვარჯიში გამართეს

ცხელი ამბები