საუთჰემპტონიდან გაშვებული მწვრთნელი - ატალანტა იურიჩმა ჩაიბარა
იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი „ატალანტა“ ინგლისის პრემიერ ლიგიდან დაქვეითებული გუნდის მთავარ მწვრთნელს ჩააბარეს. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბერგამოელებს სათავეში ივან იურიჩი ჩაუდგება, რომლის ბოლო სამუშაო ადგილიც „საუთჰემპტონი“ იყო. მიღებული გადაწყვეტილების გამო, „ატალანტას“ შეფებს ბევრი დასცინის და საამისო საფუძველიც არსებობს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ 49 წლის ხორვატი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე „წმიდანებმა“ გასულ სეზონში იმდენად ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის ანტირეკორდი დაამყარეს და ელიტიდან ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე დაქვეითდნენ. როდესაც ასეთი შედეგების მქონე მწვრთნელით ანაცვლებ ჯან პიერო გასპერინის სახით კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო დამრიგებელს, ბუნებრივია ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება.
ცნობისათვის, „ატალანტამ“ გასულ სერია A-ში 74 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, რის გამოც იურიჩს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. მას იტალიაში მუშაობის გამოცდილება აქვს, თუმცა „რომაში“, „ტორინოსა“ და „ჯენოაში“ განსაკუთრებული შედეგებისთვის არ მიუღწევია.