კუალიარელამ ბატისტუტას რეკორდი გაიმეორა!
გენუის "სამპდორიას" კაპიტანი, ფაბიო კუალიარელა გოლების მანქანად გადაიქცა და კარიერის ყველაზე შედეგიანი სეზონი წინა წელს ჩაატარა, წელს კი თავისი 19-გოლიანი მაჩვენებლის გაუმჯობესებასთან ძალიან ახლოსაა.
სერია A-ს 21-ე ტურში, "სამპდორიასა" და "უდინეზეს" შეხვედრაში კუალიარელამ დუბლი შეასრულა. მან ჩემპიონატის ზედიზედ მე-11 მატჩში გაიტანა და გაბრიელ ბატისტუტას ყველა დროის რეკორდი გაიმეორა.

ლეგენდარულმა არგენტინელმა "ლეგა კალჩიოს" 1994-1995 წლების სეზონში, ასევე მიჯრით 11 თამაშში შეაგდო. "ბლუჩერკიატის" ვეტერანმა კაპიტანმა, რომელიც 31 იანვარს 36 წლის ხდება, სერია A-ს ბოლო 11 თამაშში 14 გოლი გაიტანა, ბატისტუტას კი იმ სერიისას 13 გოლი ჰქონდა.
კუალიარელას სერია A-ს ყველა დროის რეკორდის დამყარება მომდევნო ტურში შეეძლება, როცა მისი გუნდი "ნაპოლის" დაუპირისპირდება. თავის მხრივ, "ნაპოლი" კუალიარელას ერთ-ერთი უსაყვარლესი გუნდია, იგი ნეაპოლის რეგიონის ერთ-ერთ პატარა მხარეშია დაბადებული და "პარტენოპეის" მაისურით 2009-2010 წლებში თამაშობდა.
გარდა ამისა, კუალიარელას იტალიის ჩემპიონატში ჯამურად უკვე 143 გოლი აქვს და კრისტიან ვიერისა და მარკო დი ვაიოს გადასწრებით (ორივეს ანგარიშზე 142 გოლია), ტურნირის ყველა დროის მეგოლეთა სიაში 28-ე ადგილზე გადაინაცვლა.
143 - Fabio #Quagliarella has now scored 143 Serie A goals, overtaking Christian Vieri in the history of the Italian top-flight. Bomber.#SampdoriaUdinese pic.twitter.com/YCP3VdZLTq
— OptaPaolo (@OptaPaolo) January 26, 2019
ფაბიო კუალიარელამ "უდინეზესთან", ორივე გოლი პენალტის ნიშნულიდან შეაგდო და მიმდინარე ჩემპიონატში 16 შედეგიანი დარტყმა დაუგროვდა. "კუალიაგოლმა" კრიშტიანუ რონალდუსა და დუვან საპატას 2 გოლით გადაუსწრო და სერია A-ს ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა.
"სამპამ" "უდინეზე" 4:0 გაანადგურა, 33 ქულას მოუყარა თავი და საუკეთესო ოთხეულს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. მარკო ჯამპაოლოს გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 2 თებერვალს, ნეაპოლში, "სტადიო სან პაოლოზე" ითამაშებს.