დუბლი და ასისტი - კვერნაძემ იტალიის თასზე გაიბრწყინა
იტალიის თასის 1/32 ფინალში, გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ საკუთარ მოედანზე „იუვე სტაბიას“ დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.
გიორგი კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა შემტევმა თავის გუნდში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. კვერნაძემ „იუვე სტაბიას“ ორი გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.
კვერნაძემ თავი თავდაპირველად მე-20 წუთზე გამოიჩინა, როდესაც ღედიემისის საგოლე გადაცემა გამოიყენა და ანგარიში გახსნა. 29-ე წუთზე ქართველმა შემტევმა ჩიკელას გაატანინა. 71-ე წუთზე კი „ფროზინონესთვის“ მე-4 გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ეს მატჩი „ფროზინონესთვის“ ახალ სეზონში პირველი იყო. კვერნაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას სერია A-ს პირველ ტურში, საკუთარ მოედანზე „იუვენტუსის“ წინააღმდეგ 23 აგვისტოს გამართავს.