''ჩვენ მონადირეები ვართ'' - ''ბაიერნმა'' წელი გამარჯვებით დაიწყო
Aa
Aa

''ჩვენ მონადირეები ვართ'' - ''ბაიერნმა'' წელი გამარჯვებით დაიწყო

გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში ''ჰოფენჰაიმი'' საკუთარ მოედანზე მიუნხენის ''ბაიერნთან'' 1:3 დამარცხდა. მიმდინარე წელს ნიკო კოვაჩის გუნდმა პირველი მატჩი ჩაატარა და გამარჯვებით დაასრულა.

''დორტმუნდი'' 42 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ''ბაიერნს'' 3 ქულით უსწრებს. ლუსიენ ფავრის გუნდი დღეს, 19 იანვარს მეოთხეადგილოსან ''ლაიფციგს'' ესტუმრება. დორტმუნდელთა მარცხის შემთხვევაში ფავრისა და კოვაჩის გუნდებს შორის 3-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდება.

ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ''ჰოფენჰაიმთან'' მოგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

''პირველი ტაიმი სენსაციური იყო. ეს არის ჩვენი ამბიცია, ვაჩვენეთ ჩვენი შესაძლებლობები. შედეგი კარგია, სეზონის მეორე ნახევარი დაიწყო და ზეწოლა გაიზარდა.

ჩვენ ვართ მონადირეები. გვსურს ''დორტმუნდს'' დავეწიოთ და ჩემპიონობა ვიზეიმოთ. გადამწყვეტი ფაქტორი არის ის, რომ სეზონის ბოლომდე მაღალ დონეზე ვითამაშოთ.''

''ჰოფენჰაიმის'' კარში დუბლის ავტორმა ლეონ გორეცკამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა: ''პირველ ტაიმში საოცარი წარმოდგენა დავდგით, ბურთს ვაკონტროლებდით და გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ.

ჩვენი მიზანია ''დორტმუნდს'' დავეწიოთ და გავუსწროთ. კარგია რომ სეზონის მეორე ნახევარი კარგი თამაშით დავიწყეთ. ჩემპიონობა გვსურს, ახლა ჩვენ მონადირეები ვართ.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები