სტეფ კარის კარიერაში 15000 ქულაზე მეტი მოუგროვდა
„გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებლისთვის, სტეფ კარისთვის, „მემფისის“ წინააღმდეგ გამართული მატჩი ისტორიული გამოდგა. მეორე მეოთხედის დასრულებამდე 7 წუთითა და 36 წამით ადრე „ოქროს ბიჭუნამ“ სამიანი ჩააგდო და კარიერაში 15000 ქულიან ნიშნულს გადააბიჯა.
კარი „უორიორსის“ მეხუთე კალათბურთელი გახდა, რომელმაც „გოლდენ სტეიტის“ მაისურით 15000 ქულაზე მეტი ჩააგდო. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის რომ სტეფმა ქულების 44.5 პროცენტი სამქულიანების საშუალებით დააგროვა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „მეომრებმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და „მემფისი“ პრობლემების გარეშე დაამარცხეს. „გოლდენ სტეიტს“ 23 ქულით კევინ დურანტმა ულიდერა. სტეფ კარიმ აქტივში 20 ქულა ჩაიწერა, ხოლო კლიე ტომპსონი 16 ქულით გამოირჩა.
„ოქროს ბიჭუნა“ NBA-ის სამგზის ჩემპიონი და ორგზის MVP-ია. სტეფმა ყველა ვარსკლავის მატჩში მონაწილეობა 5-ჯერ მიიღო და ერთხელ სამქულიანების კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.