სეივების ყველაზე დაბალი პროცენტი! - ნოიერის საშინელი სტატისტიკა ბუნდესლიგაში
Aa
Aa

სეივების ყველაზე დაბალი პროცენტი! - ნოიერის საშინელი სტატისტიკა ბუნდესლიგაში

მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში არასტაბილურად ასპარეზობს და ამჟამად სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილზე იმყოფება, ლიდერ "დორტმუნდს" კი მთელი 9 ქულით ჩამორჩება.

ლოგიკურია, რომ ნიკო კოვაჩის გაშვების საკითხი აქტიურად განიხილება, არადა ის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დანიშნეს. ახალგაზრდა სპეციალისტმა "აინტრახტში" შესანიშნავად იმუშავა და მას ქვეყნის თასი მოაგებინა, თუმცა "რეკორდმაისტერში" სამუშაოდ მხოლოდ კარგი მწვრთნელობა საკმარისი არაა.

დიუსელდორფის "ფორტუნასთან" ნათამაშები 3:3-ის შემდეგ კოვაჩმა განაცხადა: "ჩემს ახლანდელ გრძნობებს, სიტყვა ბედნიერება ყველაზე ნაკლებად აღწერს. დაცვაში უამრავი შეცდომა დავუშვით, არ შეიძლება, რომ ბუნდესლიგის მატჩში თავი ასე დაიცვა".

მიუნხენელებმა ბუნდესლიგის განვლილ 12 ტურში 17 გოლი გაუშვეს, უქმეებზე კი "ფორტუნას" შემტევმა, დოდი ლუკებაკიომ მანუელ ნოიერს 3 გოლი გაუტანა და ებე სანდის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც "ბაიერნის" კარი ერთ შეხვედრაში 3-ჯერ აიღო. დანიელ ფორვარდს იგივე 2001 წელს ჰქონდა გაკეთებული.

პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემამ, Bleacher Report-მა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ერთ სტატისტიკურ მონაცემზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც მანუელ ნოიერი ჩემპიონატში ყველაზე ცუდი მაჩვენებლითაა. 

ნოიერს წლევანდელ ბუნდესლიგაში კარში ზუსტად დარტყმული ბურთების 56.2% გაუტანეს, შესაბამისად, მან ზუსტი დარტყმების 43.8% მოიგერია, რაც ჩემპიონატში მეკარეებს შორის მე-18 შედეგია. პირველ ადგილზე "ლაიფციგის" მეკარე პეტერ გულაჩია (77.3%), მეორეზე - "გლადბახელი" იან ზომერი (75%), ხოლო მესამეზე - "დორტმუნდის" კიპერი რომან ბიურკი (73.9%).

აღსანიშნავია, რომ "ლაიფციგი" ბუნდესლიგაში ყველაზე ეფექტურ დაცვას თამაშობს და ჯერჯერობით ყველაზე ცოტა - 10 გოლი აქვს გაშვებული, "დორტმუნდმა" 13 ბურთი მიიღო, "გლადბახმა", "აინტრახტმა" და "მაინცმა" კი - 14-14.

"ბაიერნი" დღეს ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრას ჩაატარებს და საკუთარ მოედანზე "ბენფიკას" უმასპინძლებს. თამაში თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები