Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

ვაშინგტონი - ჰიუსტონი 135 - 131

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გულშემატკივრებმა 7 შეხვედრა იხილეს. ყველაზე საინტერესო მატჩი „ვაშინგტონსა“ და „ჰიუსტონს“ შორის გაიმართა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო. დამატებითი ხუთწუთეული „უიზარდსის“ სრული უპირატესობით წარიმართა და „ვაშინგტონელებმა“ სასურველი შედეგის დაფიქსირება მოახერხეს.

ტეხასელებს ვერც ჯეიმს ჰარდენის საოცარმა ასპარეზობამ უშველა. „როქეთსის“ ლიდერმა გუნდს 54 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა და 8 მოხსნა შესძინა. ჰარდენთან ერთად ერიკ გორდონიც გამოირჩა. ამ უკანასკნელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და აქტივში 36 ქულა მიითვალა.

„ვაშინგტონს“ უოლი-ბილის დუეტმა ულიდერა. ჯონმა შეხვედრა 36 ქულითა და 11 გადაცემით დაასრულა, ხოლო ბრედლიმ 32 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ სათადარიგო სკამიდან შემოსულმა მარკიფ მორისმა 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

ნიუ ორლეანი - ბოსტონი 107 – 124

„ნიუ ორლეან პელიკანსი“ საშინელ ფორმაში იმყოფება. ენტონი დევისის გუნდი გამარჯვების მოპოვებას მიჯრით მეოთხე შეხვედრაა ვერ ახერხებს. ამჯერად „პელიკანსი“ საკუთარ მოედანზე, „ბოსტონთან“ დამარცხდა.

„კელტებმა“ შესანიშნავად იასპარეზეს და მეტოქე ყოველგვარი პრობლემების გარეშე დაამარცხეს. „სელტიკსს“ 26 ქულითა და 10 შედეგიანი გადაცემით კაირი ირვინგმა ულიდერა. ალ ჰორფორდმა და ჯეისონ ტეიტუმმა აქტივში 20-20 ქულა ჩაიწერეს, ხოლო მარკუს მორისმა შეხვედრა 19 ქულით დაასრულა.

„ნიუ ორლეანის“ მხრიდან 27 ქულითა და 16 მოხსნით ენტონი დევისი გამოირჩა. ნიკოლა მიროტიჩმა შეხვედრა 25 ქულით დაასრულა, ხოლო ჯულიუს რენდელმა 15 ქულა მიითვალა.

სხვა მატჩების შედეგები

შარლოტა - მილუოკი 110 – 107

ჩიკაგო - სან ანტონიო 107 – 108

კლივლენდი - მინესოტა 95 – 102

იუტა - ინდიანა 88 – 121

გოლდენ სტეიტი - ორლანდო 116 – 110

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები