ქართული ჯახი ინდოეთში - გორგოძემ შაფათავას მოუგო!
Aa
Aa

ქართული ჯახი ინდოეთში - გორგოძემ შაფათავას მოუგო!

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ქალთა საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი დაიწყო, რომლის პირველ წრეშიც ქართული დაპირისპირება ვიხილეთ.

სოფია შაფათავა გათამაშებაზე "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით მოხვდა, მისი მოწინააღმდეგე კი ეკატერინე გორგოძე გახდა. არადა, ეკოს მეტოქე ებრაელი, ჯულია გლუშკო უნდა ყოფილიყო, რომელიც ტურნირს დაწყებამდე მოეხსნა.

დღევანდელი მატჩი გორგოძის უპირატესობით წარიმართა და მან თანამემამულესა და მეგობარს 2 სეტში, 6:2; 6:4 მოუგო, რითაც შემდეგ წრეში გავიდა და იქ ტერეზა მრდეზასა და მარგარიტა გასპარიანს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

3 ქართველი ასპარეზობს მუმბაის ტურნირის წყვილთა გათამაშებაში - ოქსანა კალაშნიკოვა, ეკო გორგოძე და სოფია შაფათავა. კალაშნიკოვა და მისი მეწყვილე, ნაო ჰიბინო ტურნირზე მე-2 ნომრად არიან განთესილი და საწყის შეხვედრას დღეს ჩაატარებენ. დღესვე ითამაშებენ გორგოძე/ხაზანიუკის დუეტი - შოფსი/შტეფკოვასთან, შაფათავა/სმიტი კი - იაკუპოვიჩი/ხრომაჩევასთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები