ნაკრებში თამაშის ისეთივე ვნება აქვს, როგორიც პატარა ბიჭს | ანჩელოტი ნეიმარზე
2026 წლის მუნდიალის C ჯგუფის დასკვნით ტურში ბრაზილიამ შოტლანდიას 3:0 მოუგო, პირველ ტაიმში ვინისიუსმა დუბლი შეასრულა, საგოლე პასები რაიანისა და ბრუნო გიმარაეშის ანგარიშზეა. მე-60 წუთზე გიმარაეშმა მეორე საგოლე პასი შეასრულა, ამჯერად კუნიამ შეაგდო.
კარლო ანჩელოტი: „ახლა ჩვენ ვთამაშობთ როგორც ერთი გუნდი, ეს არის მიზანი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილები, გვაქვს გასაუმჯობესებელი დეტალები. შეგვიძლია ვიყოთ ოდნავ უფრო სწრაფები, როდესაც ბურთს ვაკონტროლებთ. ბედნიერი ვარ, რადგან გუნდმა საგრძნობლად მოუმატა, ახლა გაცილებით საიმედოდ გამოვიყურებით, რაც ფლეი-ოფში უმნიშვნელოვანესია. პირველ თამაშთან შედარებით გვაქვს ნაკლები შეცდომა, მეტი რიტმი, მეტი ეფექტურობა შეტევაში.“
ანჩელოტიმ „სელესაოს'' სასტარტო შემადგენლობაში რაიანის დებიუტზე ისაუბრა. 19 წლის თავდამსხმელი გახდა ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა 20-წლამდე ასაკში: „შეასრულა სრული სამუშაო დაცვასა და შეტევაში, ძალიან კარგად ითამაშა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ მატჩით, რომელიც მან ჩაატარა, ახალგაზრდობა მნიშვნელოვანი ნაწილია. მას აქვს სიმწიფე, ბევრს მუშაობს, აქვს ხარისხი. არავინ იცის, სადამდე შეიძლება მიაღწიოს მისმა დონემ.“

შოტლანდიასთან მატჩის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ნეიმარის დაბრუნება იყო. მე-10 ნომერს არ უთამაშია ნაკრებში 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ურუგვაისთან მარცხისას დაშავდა.
ანჩელოტი ნეიმარზე: „თამაშის შესაძლებლობა ჰქონდა, ის ამას იმსახურებდა, იმუშავა და ივარჯიშა დიდებული პროფესიონალიზმით, რათა აღედგინა ძალები. შეუძლია თავისი თვისებებით ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდს დაეხმაროს. კარგად ითამაშა ის რამდენიმე წუთი, რაც მოედანზე გაატარა. ნეიმარს არ სჭირდება მოტივაცია სათამაშოდ, არცერთ მოთამაშეს არ სჭირდება ეს ბრაზილიის მაისურით სათამაშოდ და ნეიმარისთვისაც იგივეა, 34 წლისაა და აქვს იგივე ვნება, რაც პატარა ბიჭს ბრაზილიისთვის სათამაშოდ.“

მატჩის მთავარი გმირი ორი გატანილი გოლით ვინი ჟუნიორი იყო. მიუახლოვდა მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირობას, საერთო ჯამში ოთხი გოლით, ერთი გოლით ნაკლები ლიონელ მესიზე.
ანჩელოტი ვინისიუსზე: „კმაყოფილი ვარ ვინის ბრწყინვალე თამაშით, რადგან ეჭვი არ მეპარებოდა, თუ როგორ მიაღწევდა მსოფლიო ჩემპიონატამდე. მისთვის პატივია ნაკრებში თამაში. ძალიან კარგად თამაშობს, თავით გოლი გაიტანა, რაც მისთვის ძალიან იშვიათია. მე არ ვარ ის, ვინც აღმოაჩენს ვინის. ჩემთვის ვინი უმაღლესი დონეა. ის აშკარად ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.“

ბრაზილია 7 ქულით პირველზე გავიდა, მაროკომაც ამდენივე ქულა დააგროვა, შოტლანდია 3 ქულით მესამეა, ჰაიტიმ სამივე თამაში დათმო. 1/16-ფინალში როგორც მაროკოს, ასევე ბრაზილიის სავარაუდო მეტოქეები არიან: ნიდერლანდები, შვედეთი, იაპონია. თუ შოტლანდია საუკეთესო 8 მესამეადგილოსანში მოხვდება, 1/16-ფინალში მისი სავარაუდო მეტოქეები გერმანია, საფრანგეთი, ნორვეგია და მექსიკა არიან.