ნიშიკორის მე-3 ნახევარფინალი და 2 სეტიანი ქალთა 1/4 ფინალები...
ამერიკის ღია პირველობის 1/2 ფინალური წყვილები სრულად დაკომპლექტდა. მამაკაცთა შორის, 2014 წლის ფინალის გამეორება ვიხილეთ, თუმცა ამჯერად გამარჯვებული კეი ნიშიკორი გამოვიდა.
იაპონელმა მარინ ჩილიჩს 5 სეტიანი ბრძოლა მოუგო და დიდი სლემის ტურნირის 1/2 ფინალში მესამედ გავიდა. მან ამ შედეგს სამივე შემთხვევაში US Open-ზე მიაღწია.
ნიშიკორის მომდევნო მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება, რომელმაც როჯერ ფედერერის დამმარცხებელ ჯონ მილმანს 3 სეტში აჯობა.
„ნოლემ“ მატჩი სტაბილურად ჩაატარა და მილმანისთვის შანსი არ მიუცია. სერბმა საკუთარი მოწოდება ერთადერთხელ დაკარგა, რასაც 4 ბრეიკი მიამატა და 6:3; 6:4; 6:4 იმარჯვა.
ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის 1/2 ფინალში მეთერთმეტედ გავიდა, მილმანი კი 1/4 ფინალში თამაშისთვის 360 სარეიტინგო ქულას მიიღებს და მსოფლიოს 37-ე ჩოგანი გახდება. არადა, ის ზუსტად ერთი წლის წინ 235-ე პოზიციაზე იყო.
ჯოკოვიჩი-ნიშიკორის 1/2 ფინალის გარდა, იგივე სტადიაზე ნადალი და დელ პოტრო ითამაშებენ.
ქალთა გუშინდელი მეოთხედფინალური შეხვედრები ორ სეტში დასრულდა. ნაომი ოსაკამ ლესია ცურენკო 6:1; 6:1-ზე გაანადგურა და 21-ე საუკუნეში პირველი იაპონელი ქალი გახდა, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის 1/2 ფინალში გააღწია.
წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს წინა წლის ფინალისტი, მედისონ კიზი. 23 წლის ამერიკელმა კარლა სუარეს ნავაროს 6:4; 6:3 მოუგო.
ამრიგად, ქალთა 1/2 ფინალში სერენა უილიამსი ანასტასია სევასტოვას, ხოლო ნაომი ოსაკა მედისონ კიზს შეხვდება.