ბასილაშვილმა US Open-ი ურთულესი გამარჯვებით დაიწყო!
Aa
Aa

ბასილაშვილმა US Open-ი ურთულესი გამარჯვებით დაიწყო!

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის პირველ რაუნდში სლოვენიელ ალიაჟ ბედენეს დაუპირისპირდა და უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა.

ბასილაშვილი მსოფლიოს 37-ე ჩოგანია, ბედენეს კი არცთუ კარგი სეზონი აქვს და ATP-ს რეიტინგის 78-ე საფეხურზე იმყოფება. მატჩის ფავორიტად ნიკა ითვლებოდა, რომელიც ბედენეს 2014 წელს იმავე US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა და ს სეტში წააგო.

ბილი ჯინ კინგის სახელობის საჩოგბურთო ცენტრის მე-9 კორტზე გამართული შეხვედრა უაღრესად დაძაბული და მომქანცველი გამოდგა. საერთო ჯამში, ჩოგბურთელებმა 3 საათისა და 19 წუთის განმავლობაში ითამაშეს.

26 წლის ქართველმა პირველი და მესამე სეტები მოიგო, თუმცა სლოვენიელმაც 2 პარტიის მოგება შეძლო და საქმე გადამწყვეტ სეტამდე მივიდა.

ყველაფერი ცუდად დაიწყო, რადგან მე-3 გეიმში ბედენემ უკვე ბრეიკი შეასრულა და უპირატესობაც მიიღო, თუმცა ბასილაშვილმა მას მოწოდება მომდევნო გეიმში აართვა, მე-10 გეიმში შესრულებული ბრეიკი კი მატჩის ჩვენებურის სასარგებლოდ დასრულებას ნიშნავდა - 6:2; 4:6; 6:2; 2:6; 6:4.

ნიკამ 4 ეისი მოაწოდა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე 85-დან 57, ხოლო მეორეზე 55-დან 27 ქულა მოიგო. ჯამში მიღებული 17 ბრეიკ-პოინტიდან კი 7 გამოიყენა.

ბასილაშვილის მომდევნო მოწინააღმდეგე ამერიკელი - ჯეკ სოკი იქნება, რომელიც მსოფლიოს მე-18 ჩოგანია და ტურნირზეც ამავე განთესვითაა.

სოკი მაღალი დონის ოსტატია, თუმცა ახლა საკმაოდ ცუდ ფორმაში იმყოფება და უკანასკნელი 12 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო. ამერიკელმა საწყის რაუნდში გუიდო ანდრეოცი 3 სეტში დაამარცხა.

ბასილაშვილისა და სოკის შეხვედრა ხვალ გაიმართება, მისი დაწყების ზუსტი დრო ოდნავ მოგვიანებით გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები