სერია A-ს TOP 25 ტრანსფერი
Aa
Aa

სერია A-ს TOP 25 ტრანსფერი

ბოლო წლებში იტალიურ კლუბებს გამოცოცხლება ეტყობათ, რაც ევროტურნირებზეც ჩანს და სატრანსფერო ბაზარზეც.

იმის მიუხედავად, რომ აპენინურ ფეხბურთში იმდენად დიდი ფული არ ტრიალებს, როგორც პრემიერ ლიგაში ან ლა ლიგაში, წლევანდელი სატრანსფერო ფანჯრისას სერია A ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ცხელი წერტილია. თუნდაც ის რად ღირს, რომ იტალიური კლუბისგან განხორციელებული ყველაზე ძვირი ტრანსფერი ამ ფანჯარაზე მოდის...

სერია A-ს სატრანსფერო ფანჯარა 17 აგვისტოს იხურება, შესაბამისად, კიდევ რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი გაფორმდება, მაგრამ მეგაგარიგებების დიდი ნაწილი უკვე ცნობილია. ჩვენც აქამდე გაჩარხულ 25 ყველაზე გახმაურებულ და გამორჩეულ ტრანსფერს მიმოვიხილავთ.

25. დარიო სრნა (შახტარიდან კალიარიში) - უფასო

ვეტერანი ხორვატი განაპირა მცველი დონეცკის „შახტარის“ ნამდვილ ლეგენდად იქცა. მან უკრაინულ კლუბში 15 წელი გაატარა და უამრავი ტიტული, მათ შორის, უეფას თასი მოიგო.

36 წლის ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ საშუალო დონის ევროპულ ჩემპიონატში გატარებული მთელი კარიერის შემდეგ ძალები ტოპ-ლიგაში გამოსცადოს და „კალიარის“ გამოწვევა მიიღო.

სრნამ სარდინიულ კლუბთან 1 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, მხარეებს თანამშრომლობის კიდევ 1 წლით გახანგრძლივება შეუძლიათ.

24. სიმონე ვერდი (ბოლონიადან ნაპოლიში) – 25 მილიონი ევრო

მარჯვენა და მარცხენა ვინგერად მოასპარეზე ვერდიმ ბოლო წლებში საგრძნობლად მოუმატა და „ბოლონიას“ ულაპარაკო ლიდერად ჩამოყალიბდა.

მან სერია A-ს გასულ გათამაშებაში 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. ასეთმა სტატისტიკამ კი, რა თქმა უნდა, სხვა გუნდების ყურადღება კიდევ უფრო გაამძაფრა. მთავარი მაინც ისაა, რომ „ნაპოლიმ“ ვერდის ტრანსფერი ზამთარში შეათანხმა, როცა „ბოლონიაც“ ადასტურებდა, რომ მისი ლიდერი გუნდს ზაფხულში დატოვებდა.

სიმონე ნეაპოლელებს იანვარშივე მოელაპარაკა, რასაც მთავარ მწვრთნელ რობერტო დონადონისთან მცირე კონფლიქტიც მოჰყვა, მაგრამ „მილანის“ აღზრდილი შემტევის გადაბირება სეზონის ბოლოს „ინტერმაც“ სცადა.

„ნერაძურის“ არაფერი გამოუვიდა, ვერდის კი კარლო ანჩელოტის „ნაპოლიში“ სერიოზული კონკურენცია ექნება. „პარტენოპეიში“ დარჩა ხოსე მარია კალიეხონი, ლორენცო ინსინიე ხელშეუხებელია, ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოლებს ახალმოსული ამინ იუნესიც.

23. კევინ-პრინც ბოატენგი (აინტრახტიდან სასუოლოში) - უფასო

გამოცდილმა განელი ნახევარმცველი ყველაზე უფრო „მილანიდან“ დაგვამახსოვრდა. იგი 2010-2011 წლების საჩემპიონო „როსონერის“ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მას შემდეგ არაერთი კლუბი გამოიცვალა და ბოლო წლებში გერმანიასა და ესპანეთში თამაშობდა.

„ბოას“ გასულ სეზონში, „აინტრახტში“ საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა, ბუნდესლიგაში 6 გოლი შეაგდო, გერმანიის თასის ფინალში კი „ბაიერნთან“ საგოლე პასი ჩაიწერა და ფრანკფურტელებს ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

31 წლის ფეხბურთელის მეუღლე იტალიელი მოდელი და ტელეწამყვანი, მელისა სატა გახლავთ, რომელთანაც 1 საერთო შვილიც ჰყავს. ბუნებრივია, აფრიკელის გადაწყვეტილებაზე ცოლის სამშობლოში დაბრუნების სურვილიც იმოქმედებდა.

„სასუოლოსთვის“ ბოატენგი შესანიშნავი შენაძენია, მასთან ერთად „ნეროვერდი“ გაცილებით ძლიერი და კრეატიული გუნდი იქნება.

22. როლანდო მანდრაგორა (იუვენტუსიდან უდინეზეში) – 20 მილიონი ევრო

მანდრაგორას იტალიის თითქმის ყველა ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია, მიმდინარე წლის ივნისში კი საფრანგეთთან ამხანაგურ შეხვედრაში „სკუადრა აძურას“ ფორმით 90 წუთი იბურთავა.

ნიჭიერი შუახაზელი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, იგი „იუვენტუსს“ ეკუთვნოდა და გასული სეზონი იჯარის წესით „კროტონეში“ გაატარა. მანდრაგორა ფიზიკურად საკმაოდ ძლიერია, ეხერხება შეტევების ჩაშლაც და წამოწყებაც, კარგი მოედნის ხედვა აქვს და პასების დარიგებაც მშვენივრად გამოსდის, არც დარტყმა დაეწუნება, შესაბამისად, მისგან კარგი ნახევარმცველის „გამოთლა“ შეიძლება.

„უდინეზემ“ „სამპდორიაში“ გაშვებული იაკუბ იანკტო მანდრაგორათი ჩაანაცვლა, რომელსაც „ზებრებში“ სერიოზული როლი ექნება და წესით, გუნდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებლის ფუნქცია უნდა მიენიჭოს.

21. ანტე ჩორიჩი (ზაგრების დინამოდან რომაში) – 6 მილიონი ევრო

ხორვატული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი ბოლო წლებში არაერთი ევროპული გრანდის სამიზნე იყო. „ჯალოროსის“ ალღოიანმა სპორტულმა დირექტორმა, მონჩიმ კი მოახერხა და ჩორიჩის ტრანსფერი მხოლოდ 6 მილიონ ევროდ გაჩარხა.

ანტე ძველი ყაიდის ფეხბურთელს მოგვაგონებს, მას ბურთის დაჭერა უყვარს და იშვიათი მოედნის ხედვით გამოირჩევა. ფიზიკურად თუ მოუმატებს და იტალიურ ფეხბურთს ალღოს აუღებს, წლების განმავლობაში „რომას“ ლიდერად ჩამოყალიბება შეუძლია.

21 წლის ხორვატს ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება და „გლადიატორთა“ ძირითადში მოხვედრაც ცოტა უფრო მომავლის პერსპექტივაა. ერთი სიტყვით, ჩორიჩის „სტადიო ოლიმპიკოზე“ მიყვანა შორსმიმავალი გათვლაა. დავაკვირდეთ და ვიმედოვნოთ, რომ ანტე სწორად განვითარდება და თავის ლამაზ სათამაშო სტილს იტალიის სტადიონებზე სრულფასოვნად წარმოაჩენს.

20. ხოაკინ კორეა (სევილიადან ლაციოში) – 15 მილიონი ევრო

არგენტინელი ტალანტი „სევილიაში“ მეტ-ნაკლებად გავიცანით, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ იგი „სანჩეს პისხუანზე“ ბოლომდე გაიხსნა.

„ლაციომ“ ფელიპე ანდერსონი და ნანი გაუშვა, კორეა კი გუნდში სერიოზული ავანსებით მიიყვანეს. მასთან ერთად გუნდმა ვალონ ბერიშა გაიფორმა, რომელშიც 7.5 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ხსენებული დანაკლისი სწორედ ამ ორმა ფეხბურთელმა უნდა შეავსოს, უფრო კორეამ, რომელსაც შეუძლია, „ბიანკოჩელესტის“ მნიშვნელოვად წევრად ჩამოყალიბდეს.

ხოაკინი უკვე 24 წლისაა და ნელ-ნელა საკუთარი საფეხბურთო ტალანტი უნდა აჩვენოს, ოღონდ არა როგორც ნიჭიერმა და ჯერ შეუმდგარმა ფეხბურთელმა, არამედ - როგორც დაღვინებულმა და სტაბილურმა მოთამაშემ.

19. რობინ ოლსენი (კოპენჰაგენიდან რომაში) – 7.7 მილიონი ევრო

ოლსენი 2016 წლიდან „კოპენჰაგენის“ ძირითადი მეკარე გახდა და თანდათან კარის დაცვა შვედეთის ეროვნულ ნაკრებშიც ანდეს. რუსეთში გამართულ მუნდიალზე იგი სკანდინავიელთა ძირითადი გოლკიპერი იყო და თავი სტაბილური თამაშით დაგვამახსოვრა.

„ჯალოროსიმ“ ალისონ ბეკერი გაუშვა, გუნდში კი ვეტერანი ანტონიო მირანტე, ახალგაზრდა დანიელ ფუზატო და შუა ხნის, 28 წლის ოლსენი მოიყვანა. ცხადია, რომ ეუსებიო დი ფრანჩესკო გათვლას სწორედ შვედზე აკეთებს.

2016 წლის ზაფხულში ოლსენი „პაოკიდან“ „კოპენჰაგენში“ 700 000 ევროდ გადავიდა, ახლა კი „რომას“ ამ თანხაზე 10-ჯერ მეტის გადახდა მოუწია.

18. ფაბიან რუისი (ბეტისიდან ნაპოლიში) – 30 მილიონი ევრო

ახალგაზრდა საყრდენ ნახევარმცველს „ბეტისის“ რიგებში ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა.

მან ლა ლიგის გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, სევილიურმა კლუბმა კი მე-6 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე ითამაშებს. რუისმა „ვერდიბლანკოსს“ 3 გოლი და 6 ასისტი შეჰმატა, რაც შუახაზელისათვის მშვენიერი მაჩვენებელია.

„ნაპოლიმ“ მის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა და მისიაც საპასუხისმგებლო მიანდო - „ჩელსიში“ წასული ჟორჟინიოს ჩანაცვლება. მართალია, ეს უკანასკნელი და რუისი სათამაშო სტილით გვარიანად განსხვავდებიან, თუმცა არც კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო ფილოსოფია ჰგავს მაურიციო სარისას...

რუისი 22 წლის მზარდი ნახევარმცველია და მას „ნაპოლის“ ძირითადში მოსახვედრად, ასევე ნიჭიერ ფეხბურთელებთან - დიავარასთან, როგთან და ზიელინსკისთან ჭიდილი მოუწევს.

17. ბრაიან კრისტანტე (ატალანტადან რომაში) - იჯარა და გამოსყიდვის უფლება

გასული სეზონის სერია A-ში სამი ხედირამ და ბრაიან კრისტანტემ 9-9 გოლი გაიტანეს, რაც ნახევარმცველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. თანაც, არცერთ მათგანს პენალტი არ დაურტყამს.

„მილანის“ აღზრდილმა 23 წლის მოთამაშემ ევროპა ლიგაზეც 3 გოლი გაიტანა და ასეთმა შედეგიანმა თამაშმა მას იტალიის ნაკრებისკენ მიმავალი გზაც გაუხსნა.

არადა, კრისტანტეს მილანელები არ ენდნენ, გუნდიდან გაუშვეს და ნიჭიერ ნახევარმცველს ხან „ბენფიკაში“, ხანაც „პალერმოში“ თამაში მოუწია. მას ნდობა ჯან პიერო გასპერინიმ გამოუცხადა, რომელმაც „ატალანტაში“ მიიწვია და ნორმალური პირველი სეზონის შემდეგ, მეორე წელს ბერგამოელთა უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად აქცია.

კრისტანტეს საფეხბურთო ტალანტი სწორედ „ატალანტაში“ გამოვლინდა, საიდანაც ის კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდა და „რომაში“ ძირითადისთვის ბრძოლა უმწვავესი კონკურენციის ფონზე მოუწევს.

დედაქალაქელებმა „ატალანტას“ 5 მილიონი ევრო უკვე გადაუხადეს, მომავალ ზაფხულს კი ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაურიცხავენ.

16. შტეფან დე ვრაი (ლაციოდან ინტერში) - უფასო

ტანმაღალი ცენტრალური მცველი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში 20 წლის ასაკში მოხვდა და მისი დიდი საფეხბურთო პოტენციალი ყველამ კარგად დაინახა.

დე ვრაი „ფეიენოორდიდან“ „ლაციოში“ აღმოჩნდა, რომლის რიგებშიც 3 წარმატებული და 1 წარუმატებელი სეზონი გაატარა, თანდათან კი ისეთი კლუბების ყურადღება მიიპყრო, როგორებიც „ბარსელონა“, „სიტი“ და „იუნაიტედი“ არიან.

ამ ფონზე ძალიან უცნაურია, რომ 26 წლის ნიდერლანდელი კლაუდიო ლოტიტომ სრულიად უფასოდ გაუშვა, თანაც ერთ-ერთ კონკურენტ კლუბში. შტეფანს რომაელებთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და კარიერის „ინტერში“ გაგრძელება თავად გადაწყვიტა.

არადა, „სიტი“ და „იუნაიტედი“ არ ვიცით, მაგრამ დე ვრაისა და „ბარსელონას“ შესაძლო თანამშრომლობის შესახებ გაზაფხულზე ბევრი იწერებოდა.

გასულ სეზონში „ინტერის“ დაცვის ცენტრს შკრინიარი და მირანდა ამაგრებდნენ. სლოვაკი ამომავალი ვარსკვლავი და უკვე ძალიან ძლიერი მცველი გახლავთ, მირანდა კი ვეტერანია და ჰოლანდიელიც მისი ადგილის დაკავებაც ეცდება.

15. ალექს მერეტი (უდინეზედან ნაპოლიში) – 22 მილიონი ევრო

ახალი თაობის იტალიელ მეკარეებს შორის მერეტი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და იმედისმომცემია. მან ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა და წელს რამდენჯერმე უკვე ეროვნული გუნდის შეკრებაზეც დაუძახეს.

მერეტი 2016 წლიდან „უდინეზეს“ საკუთრებაა, თუმცა ფრიულელებმა იგი იჯარის წესით „სპალში“ გაუშვეს, რომელთან ერთადაც 2016-2017 წლებში სერია B მოიგო და უმაღლეს ლიგაში დაწინაურდა.

21 წლის გოლკიპერს გასულ სეზონში საზარდულის ტრავმა ჰქონდა და ოქტომბერში ოპერაციის გაკეთება მოუწია, ამის გამო, მან სერია A-ს ეგიდით მხოლოდ 13 მატჩში ითამაშა.

სამწუხაროდ, მერეტი ახლაც ტრავმირებულია და რამდენიმე თვე იუქმებს. „ნაპოლიმ“ ვეტერანი ორესტის კარნეზისი დაიმატა, ახლა კი სიმონ მინოლეს ან დავიდ ოსპინას გუნდში პირველი მეკარის სტატუსით (დროებით მაინც) მიყვანა სურს.

პერსპექტიულ გოლკიპერს ხშირად ახალ ბუფონად მოიხსენიებენ, თუმცა თუკი მისი ტრავმებისადმი მიდრეკილება ასეთი ინტენსივობით გაგრძელდა, იმედები იმედებად, ნიჭი კი ნიჭად დარჩება...

14. ხავიერ პასტორე (პსჟ-დან რომაში) – 25 მილიონი ევრო

ბოლო წლების დაკარგულ ტალანტებს შორის ხავიერ პასტორე უეჭველად ერთ-ერთი მოწინავეა. არგენტინელი 2009-2011 წლებში „პალერმოს“ ფორმით ბრწყინავდა, მთელი მსოფლიო აალაპარაკა და უამრავი გრანდის ყურადღება დაიმსახურა.

პასტორეს აგენტი იმ პერიოდში ამბობდა, რომ გულშემატკივარი სტადიონზე არგენტინელი ამომავალი ვარსკვლავის თამაშის სანახავად დადიოდა. ალბათ, ცოტა გადაჭარბებულია, თუმცა მაშინდელი ხავიერის თამაშის ხილვა მართლაც უდიდესი სიამოვნება იყო.

2011 წელს, „პსჟ“-მ სამხრეთ ამერიკელის ტრანსფერისთვის „პალერმოს“ 42 მილიონი ევრო გადაუხადა. დიდი იმედებით შეძენილი პასტორე 2011-დან 2018 წლამდე პარიზის ღამის კლუბებში ბევრად შესამჩნევი ფიგურა იყო, ვიდრე - საფეხბურთო მოედნებზე... მისი ნიჭი პერიოდულად გვახსენებდა თავს, პროგრესმა და პასტორემ კი ერთმანეთი საერთოდ ვერ გაიცნეს.

„რომამ“ 29 წლის ფეხბურთელი სერია A-ში დააბრუნა, იქ, სადაც მას თამაში ყველაზე კარგად გამოსდიოდა. ვნახოთ, მოუხდება თუ არა ჩემპიონატის, კლუბისა და გუნდში არსებული სტატუსის შეცვლა პასტორეს.

13. მატია პერინი (ჯენოადან იუვენტუსში) – 12 მილიონი ევრო

ტრავმები და მატია პერინი... შეიძლება არასათანადო შედარებაა, მაგრამ ბრაზილიელი რონალდოს მსგავსად, პერინის კარიერაშიც ძალიან ბევრი „თუ“ მოგროვდა.

ახალგაზრდა მეკარე იტალიურ ფეხბურთში ომახიანად შემოიჭრა და პრესა იმ ბიჭზე ალაპარაკდა, რომელსაც ნაკრებში ჯიჯი ბუფონი უნდა შეეცვალა. პერინმა მძიმე ტრავმა მიიღო, რამაც მისი ზრდა საგრძნობლად შეაფერხა.

იდეაში, პერინმა ბუფონი მართლაც უნდა შეცვალოს, ოღონდ არა იმ გაგებით, რაც ჩვენს ზედა წინადადებაში იგულისხმებოდა. თუმცა შეიძლება ეს დროს დადგეს, მატია ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და თავდაპირველად ვოიცეხ შესნისთან ძირითადისთვის ბრძოლა მოუწევს, მერე ვნახოთ...

პერინმა გასული სეზონი სტაბილურად ჩაატარა და რაც მთავარია, ტრავმას მისთვის ხელი არ შეუშლია. იგი "ჯენოას" უდავო ლიდერი და კაპიტანი გახლდათ.

12. სტივენ ნ’ზონზი (სევილიადან რომაში) – 26.5 მილიონი ევრო

საფრანგეთის ნაკრების წევრი და მსოფლიო ჩემპიონი, სტივენ ნ’ზონზი არაერთ ევროპულ გრანდთან დააკავშირეს, მათ შორის, კატალონიის „ბარსელონასთანაც“, თუმცა ამ საქმეს განვითარება არ მოჰყვა.

სამაგიეროდ, ტანმაღალი საყრდენი იტალიის სერია A-ში გადაბარგდა და ძალიან საინტერესო პროექტს, „რომას“ შეუერთდა. ეუსებიო დი ფრანჩესკომ გასულ სეზონშივე აჩვენა, რომ „მგლებს“ უმაღლესი კლასის და ამასთანავე, პროგრესირებადი გუნდი ჰყავთ, ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერები კი თამასას კიდევ უფრო მაღლა სწევს.

ნ’ზონზი უაღრესად მრავალფეროვანი ფეხბურთელია და ჩაშლასთან ერთად, იერიშებშიც უნარიანად და ხშირად მონაწილეობს.

„ჯალოროსის“ ნახევარდაცვაში უდიდესი კონკურენციაა, თუმცა ნ’ზონზი ფავორიტია და სასტარტოში მოხვედრის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შანსი აქვს. ფრანგის შემაფერხებელი შეიძლება ის გახდეს, რომ იტალიურ ფეხბურთთან ადაპტირება ყველას უცებ არ გამოსდის, ზოგს ბევრი დრო სჭირდება, ზოგს - შედარებით ნაკლები.

11. ჟოაო კანსელო - (ვალენსიადან იუვენტუსში) – 40.4 მილიონი ევრო

ტურინელებმა პორტუგალიელი მცველის ტრანსფერში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადეს, თუმცა კანსელო 24 წლისაა და კლუბის ეს ნაბიჯი რისკი ნაკლებადაა. თანაც, ალეგრის ამ ტიპის ფეხბურთელის დამატებისთვის კონკრეტული მიზეზი ჰქონდა.

სტეფან ლიხტშტაინერი გუნდის შეტევებს იმდენად კარგად ვეღარ აძლიერებდა, მატია დე შილიო კი, იერიშებში ჩართვის კუთხით, მსოფლიოს ერთ-ერთი უსუსტესი განაპირა მცველია. დიდ მატჩებში ჩანდა, რომ „ვეკია სინიორას“ სხარტი, ტექნიკური და შემტევი ფლანგის ფეხბურთელი სჭირდებოდა.

კანსელო სწორედ ასეთია, ის გამცველებული ნახევარმცველი გახლავთ და გული მუდამ წინ წასვლისკენ მიუწევს, თანაც ეს საქმე კარგად გამოსდის. პირენეელი გუნდის თამაშს კიდევ უფრო მრავალფეროვანს და სახიფათოს გახდის.

სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც, „იუვენტუსმა“ ჟოაო კანსელოს სანაცვლოდ ამ კლუბისთვის არცთუ მცირე თანხა, 40 მილიონი ევრო გადაიხადა.

10. ტიმუე ბაკაიოკო (ჩელსიდან მილანში) - იჯარა და გამოსყიდვის უფლება

მაურიციო სარის „ჩელსიში“ მისვლამ ბევრი რამ შეცვალა. იტალიელს კარდინალურად სხვა სტილი აქვს, ვიდრე მის წინამორბედ თანამემამულეს - ანტონიო კონტეს.

სარიმ „ლურჯების“ რიგებში ჟორჟინიო მიიყვანა, რომელზეც გუნდის თამაში აეწყობა, იქ არის ნ’გოლო კანტე და მარტივი სავარაუდო იყო, რომ ბაკაიოკოს სკამზე ჯდომა მოუწევდა.

არადა, 23 წლის ფრანგიც ძალიან კარგი ფეხბურთელია და ამ ასაკში რეგრესისთვის მართლაც ცოდო გახლდათ. მისთვის „მილანი“ კარგი ვარიანტია, რადგან თუკი ფორმაში იქნება, ძირითადში მოხვედრა არ გაუჭირდება და განვითარებას გააგრძელებს.

ყველას კარგად ახსოვს, როგორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო ტიმუე იმ „მონაკოსთვის“, რომელმაც „პსჟ“-ს საფრანგეთის ჩემპიონობა აართვა და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ითამაშა.

„როსონერიმ“ ბაკაიოკოს 1 წლიან იჯარაში 5 მილიონი ევრო გადაიხადა, მომავალ ზაფხულს კი მას 35 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

9. კეიტა ბალდე დიაო (მონაკოდან ინტერში) - იჯარა და გამოსყიდვის უფლება

სენეგალელმა შემტევმა სწორედ იტალიაში გაიბრწყინა, როცა „ლაციოს“ მაისურით თამაშობდა. კეიტამ 2016-2017 წლების იტალიის უმაღლეს ლიგაში 16 გოლი შეაგდო და ბევრი სხვა ვარიანტისგან მაინცდამაინც „მონაკო“ ამოარჩია.

23 წლის აფრიკელი ფრანგულ ფეხბურთს კარგად ვერ მოერგო და სერია A-ში 1 წელიწადში დაბრუნდა, თანაც ამჯერად გაცილებით სოლიდურ და მზარდ კლუბში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს.

ბალდე დიაო ჯერ ცოტა დასაღვინებელია, თუმცა მართლაც დიდი პოტენციალი აქვს და წესით, „ინტერში“ თანდათან უნდა ათამაშდეს. მისი მოსვლა ცუდი ამბავი იყო ანტონიო კანდრევასთვის, რომელსაც სერია A-ს ეგიდით 2017 წლის აპრილის შემდეგ არ გაუტანია. ალბათ, ლოგიკურია, ტოტო „ჯუზეპე მეაცადან“ წასვლაზე ფიქრობდეს.

„ნერაძურიმ“ კეიტა ბალდეს სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო უკვე გადაიხადა, 34-საც მომავალ ზაფხულს გაიღებს.

8. ემრე ჯანი (ლივერპულიდან იუვენტუსში) - უფასო

გერმანელ ნახევარმცველს კლუბის შეცვლა გადაწყვეტილი ჰქონდა და მას „იუვესთან“ ჯერ კიდევ წინა ზაფხულს აკავშირებდნენ. ტრანსფერის მაშინვე გაფორმებას ძალიან ცოტა დააკლდა, ახლა კი ჯანი ტურინში საერთოდ უფასოდ მივიდა.

თურქული წარმოშობის შუახაზელმა „ბებერ ქალბატონთან“ 4 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და წლიურ ხელფასად 5 მილიონ ევროს მიიღებს, რაც იტალიაში საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაა.

ჯანის მთავარი პლუსი უნივერსალური თვისებებია, მას რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია, თუმცა თუკი პიანიჩმა გუნდი არ დატოვა, ძირითადში მოსახვედრად მუხლჩაუხრელი შრომა დასჭირდება - ხედირას, პიანიჩისა და მატუიდის ტრიოს დაშლა ხუმრობა ნამდვილად არაა...

7. ჯასტინ კლუივერტი (აიაქსიდან რომაში) – 17.3 მილიონი ევრო

პატრიკ კლუივერტის ვაჟი ჰოლანდიური ფეხბურთის ნათელი მომავლის ერთ-ერთი განმაპირობებელი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ნიდერლანდებზე ამას იმედოვნებენ.

ჯასტინი 19 წლისაა და „აიაქსში“ უკვე გადაიზარდა, იტალია კი მისთვის სერიოზული და რთული გამოწვევაა. თინეიჯერმა შემტევმა საკუთარი ნიჭი, უნარი და შესაძლებლობები ამ დონეზე უნდა დაამტკიცოს.

მან რამდენიმე ამხანაგურ მატჩში ითამაშა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. „ბარსასთან“ 4:2 მოგებულ შეხვედრაში საგოლე გადაცემაც შეასრულა.

კლუივერტს მკვლელის ინსტინქტი აქვს, იგი ეგრევე გამწვავებაზე მიდის და წინ მყოფი მცველის არ ეშინია. იტალია საფეხბურთო დაცვის კულტურაა, ასე რომ, უშიშარი ჯასტინისა და სერია A-ს მცველების დუელი საინტერესო სანახავი იქნება.

6. ლაუტარო მარტინესი (რასინგიდან ინტერში) – 23 მილიონი ევრო

ბევრი ელოდა, რომ ლაუტარო მარტინესს მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანდნენ, თუმცა 20 წლის თავდამსხმელი სახლში დარჩა და სულ მალე მილანის გზას დაადგა.

უსაზღვრო ტალანტი, რომლისთვისაც ძალიან ბევრი გრანდი იბრძოდა, მაურო იკარდის შეუწყვილდება და „ნერაძური“ არგენტინულად შეუტევს. ამ მრისხანე დუეტმა ამხანაგურ მატჩებში კარგად დაიწყო და შეუთამაშებლობა თითქმის საერთოდ არ იგრძნობოდა.

იკარდი ტიპური ცენტრფორვარდია, მარტინესი კი მეორე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს, შესაბამისად, ფუნქციები გადანაწილებულია და "შავ-ლურჯების" თავდამსხმელები მოედანზე სხვადასხვა პრიორიტეტებით გამოდიან.

ლაუტარომ „ინტერთან“ ერთად 7 შეხვედრა გამართა და 4 გოლი შეაგდო - „ზენიტის“, „ლუგანოს“, „ლიონისა“ და „ატლეტიკოს“ კარი აიღო.

ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი დასაწყისია, თითქოს მარტინესს ადაპტაციის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, რაც იშვიათობაა და მილანელთა ტიფოზებს ფეხბურთელის სეზონის სტარტზევე ეიმედებათ.

5. მატია კალდარა (იუვენტუსიდან მილანში) – 35 მილიონი ევრო

ტურინულმა გრანდმა კალდარას ნიჭი რამდენიმე წლის წინ დაინახა და იგი საკუთარ შემადგენლობაში ჩარიცხა, თუმცა მატიას „ვეკია სინიორას“ ფორმით თამაში არ მოუწია.

ტანმაღალმა უკანახაზელმა სერია A-ს ბოლო 2 სეზონში 7 გოლი გაიტანა, რაც მშვენიერი მაჩვენებელია და შეტევებში ეფექტურ თამაშზე მიუთითებს.

როდესაც ბონუჩის „იუვეში“ დაბრუნების სურვილი გაცხადდა, მილანელთა ხელმძღვანელობამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ კაპიტანს არ შეელეოდა, თუკი სანაცვლოდ კალდარას არ მიიღებდა. ტურინელთა პოზიციაც შეუვალი ჩანდა და პერსპექტიული მცველის გაშვება არც მათ სურდათ, თუმცა...

24 წლის ფეხბურთელი „როსონერის“ დაცვის ცენტრში ალესიო რომანიოლის შეუწყვილდება, რომელიც მისი მეგობარია. იტალიური პრესა ნაკრების მომავალ ცენტრალური დაცვის დუეტად სწორედ კალდარა-რომანიოლის მიიჩნევს.

მილანთან საკმაოდ ახლოს მდებარე ქალაქ ბერგამოში დაბადებული მოთამაშის სატრანსფერო თანხაში 35 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა ვიცით, რომ იგი ბონუჩიში გაიცვალა, გარიგებაში კი გონსალო იგუაინის „სან სიროზე“ გადასვლაც მოიაზრებოდა. მეორე მხრივ, ბონუჩის სატრანსფერო ფასადაც 35 მილიონი ევრო სახელდება.

 

4. რაჯა ნაინგოლანი (რომადან ინტერში) – 38 მილიონი ევრო

„რომას“ ვიცე-კაპიტანმა და ერთ-ერთმა ლიდერმა კლუბის დატოვებამდე, „ჯალოროსის“ ერთ-ერთი გულშემატკივრის კომენტარს უპასუხა და დაწერა, რომ ხანდახან ფეხბურთელები საკუთარ მომავალს არ წყვეტენ და ამას სხვები აკეთებენ...

რაჯა სერია A-ს ერთ-ერთი უძლიერესი შუახაზელია. იგი უაღრესად მშრომელი, მრავალფეროვანი და მრავალფუნქციური ფეხბურთელია. ლუჩიანო სპალეტის კი ასეთები ყოველთვის მოსწონდა და „რომაში“ მუშაობისას ნაინგოლანს უდიდეს როლს აკისრებდა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ნერაძურისგან“ გადახდილი 38 მილიონი ევრო სრულიად გამართლებულია, რადგან გუნდმა უმაღლესი კლასის ოსტატი მიიღო, რომელიც აქაურ ფეხბურთთან იდეალურადაა ადაპტირებული და რისკის ფაქტორი თითქმის არ არსებობს.

თანაც, რაჯასა და „ინტერს“ ერთი რამეც აერთიანებთ - „იუვენტუსისადმი“ უსაზღვრო სიძულვილი. 30 წლის ბელგიელს არაერთ ინტერვიუში უთქვამს, რომ ტურინულ კლუბში არასდროს ითამაშებს და მისთვის ტკივილის მისაყენებლად ნებისმიერ შანსს გამოიყენებს.

მილანელებმა ნაინგოლანის სახით ბრწყინვალე შევსება მიიღეს, მათი ნახევარდაცვა ახლა გაცილებით მრავალმხრივი, მოძრავი და, ამასთანავე, სახიფათოა.

3. ლეონარდო ბონუჩი (მილანიდან იუვენტუსში) – 35 მილიონი ევრო

როგორც იტალიური პრესა წერდა, მიმდინარე წლის იანვრიდან მოყოლებული ბონუჩის ოჯახი საცხოვრებლად ტურინში დაბრუნდა, რაც ყველაფერზე ნათლად მიანიშნებს.

ლეონარდოს „იუვეს“ დატოვება მოუწია, თუმცა შემდეგ თავისი გადაწყვეტილება სანანებელი გაუხდა და პოზიცია შეცვალა. ისე გამოვიდა, რომ ტრანსფერის ინიციატორი თავად 31 წლის მცველი იყო, ტურინელებმა კი მის დამატებაზე უარი ვერ თქვეს, ის კი არა, მატია კალდარაც დათმეს...

ცალსახაა, რომ ბონუჩის ბრწყინვალე სტოპერია, თუმცა არც ფაბიო კაპელოს სიტყვებია სიმართლისგან შორს: „ის საუკეთესო იტალიელი მცველია, თუმცა მხოლოდ მაშინ როცა ბურთს ფლობს. საკმაოდ ტექნიკურია და მოედანს კარგად ხედავს.

მინუსი ისაა, რომ ბონუჩიმ თავდაცვა არ იცის და ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა. „იუვენტუსის“ სათამაშო სტილი მას ეხმარებოდა, რადგან 3 ცენტრალურ მცველში შუაში თამაშობდა და ძირითად საქმეს მისი პარტნიორები აკეთებდნენ, ის კი დამზღვევის ფუნქციას ასრულებდა“.

იტალიის ნაკრების კაპიტნის მილანური თავგადასავალი დასრულდა, იგი მე-11 ფეხბურთელია, რომელსაც „ინტერში“, „მილანსა“ და „იუვენტუსში“ უთამაშია, ასეთები ანდრეა პირლო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პატრიკ ვიეირა, კრისტიან ვიერი, ედგარ დავიდსი, რობერტო ბაჯო, ალდო სერენა, ლუიჯი ჩევენინი, ენრიკო ჩანდიანი და ჯუზეპე მეაცა არიან.

2. გონსალო იგუაინი (იუვენტუსიდან მილანში) - იჯარა და გამოსყიდვის უფლება

„პიპიტას“ მილანურ კლუბში ტრანსფერი ბონუჩი-კალდარას გაცვლის შეთანხმებაში შევიდა. „როსონერის“ არგენტინელის გადაბირება მთლიანობაში 55 მილიონი ევრო დაუჯდება, რომლიდანაც 18 მილიონი უკვე გადაიხადა.

30 წლის თავდამსხმელს რონალდუს „იუვეში“ მისვლა, ბუნებრივია, არ გაუხარდებოდა და მალევე ახალი კლუბის ძებნა დაიწყო. თავიდანვე გამოიკვეთა, რომ იგუაინს არჩევანის გაკეთება „ჩელსისა“ და „მილანს“ შორის მოუწევდა.

ლონდონში მას ყოფილი თავკაცი, მაურიციო სარი ეპატიჟებოდა, „შავ-წითლებს“ კი უმაღლესი კლასის ცენტრფორვარდი სჭირდებოდათ.

2008-2009 წლების სეზონიდან მოყოლებული გონსალო „რეალის“, „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ ფორმით თამაშობდა და 2010-2011 წლების სეზონის გარდა, არცერთ საფეხბურთო სეზონში 15 გოლზე ნაკლები არ გაუტანია.

„პიპიტას“ სერია A-ს ყველა დროის რეკორდი ეკუთვნის, რომელიც მან „ნაპოლიში“ ყოფნისას დაამყარა. 2015-2016 წლების სეზონში გატანილი 36 გოლი იგუაინს საამაყო სტატუსს ანიჭებს, რადგან იტალიის ლიგის ერთ სეზონში ამაზე მეტი ბურთი არავის გაუტანია.

ამრიგად, „მილანს“ სტაბილური გამტანი ჰყავს, მთავარია ლომბარდიელებს არგენტინელის პასებით მომარაგება არ გაუჭირდეთ.

1. კრიშტიანუ რონალდუ (რეალიდან იუვენტუსში) – 105 მილიონი ევრო

იტალიის საფეხბურთო ლიგის სატრანსფერო რეკორდი ამ ზაფხულს დამყარდა, როცა „იუვემ“ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ, ადგილობრივ კლუბებს შორის ყველაზე დიდი თანხა გაიღო.

პირენეელს ასაკით ვეტერანის სტატუსი ეკუთვნის, თუმცა ფიზიოლოგიურად მისი სხეული ახალგაზრდა მოთამაშისას ჰგავს, რაც ექიმებმა დაადასტურეს კიდეც. ამიტომაც, დიდად არ გვიკვირს, რომ „იუვემ“ მასთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წლიურად 30 მილიონ ევროს გადაუხდის.

რონალდუს გაფორმების პირველივე დღის მონაცემებით, „ვეკია სინიორამ“ მხოლოდ გაყიდული მაისურებით 60 მილიონი ევროზე მეტი გამოიმუშავა, „ინსტაგრამზე“ კი გუნდს 1.1 მილიონი მიმდევარი შეემატა. ხაზი გავუსვათ, ეს მხოლოდ 1 დღის შედეგებია.

კრიშტიანუს მასშტაბის ფიგურისა და ბრენდის იტალიის სერია A-ში გადასვლა, ბუნებრივია, ჩემპიონატის თამასას საგრძნობლად მაღლა სწევს. ბევრი მიიჩნევს, რომ იტალიურ ფეხბურთში ახალი ერა იწყება და მისი ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ პორტუგალიელის „იუვენტუსში“ ტრანსფერია.

მთავარი კითხვა კი მაინც სხვაა... რონალდუ ჩემპიონთა ლიგის თასს მაგნიტივით იზიდავს და ეს ტურნირი 5-ჯერ მოიგო. „იუვეს“ კი ამ გათამაშების ფინალი კოშმარად ექცა, ტურინელებმა 1996 წლის შემდეგ გადამწყვეტი მატჩი 5-ჯერ ითამაშეს და ყველა შემთხვევაში დამარცხდნენ.

ალეგრის გუნდი ბრწყინვალედაა დაკომპლექტებული და საკმარისადაა მომწიფებული, რომ ეს სანუკვარი თასი მოიგოს. ვნახოთ, იქნებ, მას ამაში ტურნირის ცოცხალი ლეგენდა და თილისმა დაეხმაროს...

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები