არის ფინალი! - გორგოძის ზედიზედ მე-9 გამარჯვება!
Aa
Aa

არის ფინალი! - გორგოძის ზედიზედ მე-9 გამარჯვება!

გერმანიის პატარა ქალაქ ჰეხინგენში მიმდინარე 60 000-იანი ქალთა საჩოგბურთო ტურნირის პირველი ფინალისტი ეკატერინე გორგოძე გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/2 ფინალური შეხვედრა ადგილობრივ ანნა ზაიასთან ჩაატარა და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში - 7:6; 6:1 იმარჯვა. 

ეკო პირველ პარტიაში ბრეიკით ორჯერ აგებდა, 1:4-ზე კი სულაც 4 ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, თუმცა სეტი ტაიბრეიკზე დახურა, რომელიც ასევე ძალიან დაძაბული და ნერვული გამოდგა. 3:3-ზე ჩვენებურს მსაჯთან შელაპარაკებაც მოუვიდა, თუმცა არბიტრმა ქულა გერმანელს ჩაუთვალა და ანგარიში 3:4 გახდა... გორგოძემ ამის შემდეგ ზედიზედ 3 ქულა აიღო, საბოლოოდ კი შემოკლებული გეიმი 8:6-ით დაასრულა და ადგილობრივი გულშემატკივარი გააწბილა.

მეორე სეტში ქართველს დიდი უპირატესობა ჰქონდა და მეტოქეს აშკარად სჯაბნიდა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა და გამარჯვებულის ვინაობა ეჭვს აღარ იწვევდა.

გორგოძემ 2 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე ქულების 60% (65-დან 39), ხოლო მეორეზე 45% (11-დან 5) მოიგო.

ეკოს მომდევნო მოწინააღმდეგე კიდევ ერთი გერმანელი, ლორა ზიგმუნდი იქნება, რომელიც 30 წლისაა და 2016 წლის აგვისტოში მსოფლიოს 27-ე ჩოგანი გახლდათ (ამჟამად 182-ეა). გამოცდილი ალემანის საყვარელი საფარი სწორედ თიხაა, საყვარელი ტურნირი კი შტუტგარტის საკმაოდ პრესტიჟული გათამაშება. ზიგმუნდი შტუტგარტის ტურნირის ფინალში 2016 წელს ანგელიკ კერბერთან დამარცხდა, 2017-ში კი ჟანის, კუზნეცოვას, კაროლინა პლიშკოვას, ჰალეპისა და მლადენოვიჩის დამარცხების შემდეგ საერთოდ ჩემპიონობა იზეიმა.

საგულისხმოა, რომ გამოცდილი გერმანელის ამჟამინდელ საცხოვრებელ ქალაქად შტუტგარტია მითითებული, ჰეხინგენი კი ამ საკმაოდ დიდი ქალაქიდან მხოლოდ 60 კილომეტრითაა დაშორებული. ასე რომ, ეკოს არამარტო ადგილობრივი ქვეყნის, არამედ, თითქმის იმ ქალაქის წარმომადგენლის წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევს.

გორგოძისა და ზიგმუნდის ფინალში ფავორიტად ეს უკანასკნელი მოიაზრება, რაც ქართველს წნეხს სრულად უხსნის. შეგახსენებთ, რომ ასტანას ტურნირის 1/2 ფინალური და ფინალური მატჩიც გორგოძემ არაფავორიტის რანგში ჩაატარა და წარმატებითაც დაასრულა, შედეგად, ახლა მის ანგარიშზე ზედიზედ 9 მოგებული მატჩია.

ხვალინდელი დაპირისპირება თბილისის დროით 17 საათიდან დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა ITF-ის ოფიციალური საიტის მეშვეობით გვექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები