გიორგი ბერიძე უნგრეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ითამაშებს
Aa
Aa

გიორგი ბერიძე უნგრეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ითამაშებს

ბელგიურმა საფეხბურთო კლუბმა ''გენტმა'' ქართველი შემტევი გიორგი ბერიძე უნგრულ ''უიპეშტში'' გაანათხოვრა. უნგრული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ''უიპეშტში'' ერთი სეზონი ითამაშებს.

მიმდინარე ზაფხულში გიორგი ბერიძემ მოსამზადებელი ეტაპი ბელგიურ გუნდთან ერთად დაიწყო, თუმცა მისი ადგილი ძირითად გუნდში არ გამოჩნდა. მთავარმა მწვრთნელმა ივ ვანდერჰაგემ ამ ეტაპზე მასთან მუშაობა არ ისურვა.

''გენტის'' შემადგენლობაში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე ირიცხება.

''უიპეშტი'' უნგრეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. გასულ სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ ''სევილიასთან'' დამარცხდა.

უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საწყის სამ ტურში ''უიპეშტმა'' 4 ქულა მოაგროვა.

გიორგი ბერიძემ უკანასკნელი წელიწადნახევარი სლოვაკურ ''ტრენჩინში'' გაატარა. სლოვაკეთის ჩემპიონატის 40 მატჩში 10 გოლი შეაგდო. ''გენტში'' გადასვლამდე ახალგაზრდა ფეხბურთელი გორის ''დილასა'' და ''ზესტაფონის'' ღირსებას იცავდა.

ბერიძეს საქართველოს 17, 19, 21 წლამდე ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. მიმდინარე წელს ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია და ორ ამხანაგურ შეხვედრაში ათამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები