საუკეთესო იყო - შტურმმა კიტეიშვილის გოლით ბრანი დაამარცხა
ევროპა ლიგის ფაზის ბოლო მე-8 ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ნორვეგიულ „ბრანს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
ავსტრიელებისთვის ყველაფერი უკვე ამ მატჩამდე იყო დასრულებული, თუმცა შინ ევროსეზონის ბოლო მატჩი საკუთარი მაყურებლების წინაშე მოიგეს, რაშიც მთავარი როლი კიტეიშვილმა შეასრულა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
საქართველოს ნაკრებისა და გრაცელების ხერხემალმა 56-ე წუთზე ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა, თუმცა ეს ბურთი გუნდელის თამაშგარეში ყოფნის გამო გაუქმდა. „კიტემ“ 85-ე წუთზე თითქმის იმავე ზონიდან თავისი გოლის გატანა მაინც შეძლო და ეს შეხვედრაში ერთადერთი გოლი გამოდგა. ქართველ ნახევარმცველს კიდევ 2 კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა მეკარემ აჯობა.
„ბრანი“ ამ წაგებით ლამის საპლეიოფო ზონის მიღმა დარჩა, თუმცა პარალელურ შეხვედრაში „შტუტგარტმა“ „იანგ ბოიზს“ ბოლო წუთებზე 3:2 მოუგო, რამაც ნორვეგიელები პლეი-აუტის წონაში მოახვედრა.
ცნობისთვის, „შტურმი“ „ბრანს“ 2 ქულით ჩამორჩა და 26-ე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება კიტეიშვილს, მიმდინარე სეზონში მან ევროტურნირებზე 3 გოლი გაიტანა, ჯამში კი მის ანგარიშზე უკვე 12 გოლია. „კიტე“ და „შტურმი“ მომდევნო შეხვედრას 1 თებერვალს, ავსტრიის თასზე სტუმრად „ალტახის“ წინააღმდეგ გამართავს.