''სამტრედია'' ყაზახეთში დამარცხდა - ქართული კლუბი ევროპა ლიგას დაემშვიდობა
უეფას ევროპა ლიგის 2017-18 წლების სეზონის გათამაშება ქართულმა კლუბმა ''სამტრედიამ'' წარუმატებლად დაასრულა. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ''ტობოლმა'' ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა გია ცეცაძის გუნდი.
თბილისში გამართული შეხვედრა ყაზახურმა კლუბმა მინიმალური სხვაობით მოიგო, საპასუხო შეხვედრაში კი ''ტობოლმა'' 2:0 გაიმარჯვა.
ყაზახეთში გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე ტურიშმენმა გახსნა. აღნიშნულ ეპიზოდში კვეკვესკირმა ბრწყინვალედ ითამაშა, მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელს აუარა გვერდი და შემდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა.
მეორე გოლი მატჩის მიწურულს გავიდა, 89-ე წუთზე ასლან დარაბაიევმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
''ტობოლის'' მაისურით ქართველმა ფეხბურთელებმა ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა 90 წუთი ითამაშეს.
''ტობოლი'' ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''პიუნიკსა'' და ''ვარდარს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება.
