მოურინიო “მანჩესტერის” კრიტიკას განაგრძობს და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდი ცვლილებებისთვის ემზადება
Aa
Aa

მოურინიო “მანჩესტერის” კრიტიკას განაგრძობს და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდი ცვლილებებისთვის ემზადება

მანჩესტერ იუნაიტედს” საკმაოდ რთული პერიოდი აქვს, გუნდი პრემიერლიგაში სიტისთან” საჩემპიონო ბრძოლას დიდი ხანია გამოეთიშა და „სევილიასთან“ მარცხის შემდეგ ჩემპიონთა ლიგასაც დაემშვიდობა. წლევანდელ სეზონში „იუნაიტედის“ ერთადერთი იმედი ასოციაციის თასის მოპოვებაა.

მიუხედავად „ბრაიტონთან“ მოპოვებული გამარჯვებისა მოურინიომ თავისი ფეხბურთელები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ამჯერად ხასიათის, კლასისა და სურვილის უქონლობაზე მიუთითა.

საკუთარი გუნდის კრიტიკა მოუმ „სევილიასთან“ მარცხის შემდეგ დაიწყო, გავრცელებული ინფორმაციით გასახდელში პორტუგალიელმა „იუნაიტედის“ ფეხბურთელებს ასე მიმართა: „როდესაც „მანჩესტერი“ იგებს, გამარჯვებას ყველა ვაღწევთ, მაგრამ როდესაც ვაგებთ მხოლოდ მე გამოვდივარ დამნაშავედ. რაც მსუბუქად რომ ვთქვათ არასწორია“. კრიტიკის მიზანი, როგორც მოურინიო აცხადებს „იუნაიტედის“ ფეხბურთელებში მოტივაციის ამაღლება და სათამაშო დონის გაზრდაა. „წითელი ეშმაკების“ სპეციალისტმა გუნდის მფლობელთან მომავალი ტრანსფერები განიხილა და ზაფხულში კლუბის გადახალისებაზეც თანხმობა მიიღო. ანდერ ჰერერა, ენტონი მარსიალი, ხუან მატა, მარუან ფელაინი, მაიკლ კერიკი და კრის სმოლინგი იმ ფეხბურთელთა შორის არიან , რომლებიც სავარაუდოდ წლევანდელ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებენ.

აღსანიშნავია, რომ „სევილიასთან“ მარცხის შემდეგ პორტუგალიელი თავკაცი მაქსიმალურად ცდილობს პრობლემებს თავი აარიდოს და წარუმატებლობაში ფეხბურთელები დაადანაშაულოს. ჯოზემ ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ნემანია მატიჩს „კუნძული“ უწოდა და სერბთან ერთად ბელგიელი რომელუ ლუკაკუც გააკრიტიკა. საინტერესოა, რომ უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე მოურინიოს არცერთხელ უსაუბრია საკუთარ ბრალეულობაზე.

პორტუგალიელის კრიტიკამ დადებითად იმოქმედა მატიჩზე და ლუკაკუზე, რომლებმაც „ბრაიტონთან“ მატჩში თავი გოლით გამოიჩინეს. რაც შეეხება „იუნაიტედის“ ორ  ფეხბურთელს პოგბასა და სანჩესს, „ბრაიტონთან“ შეხვედრაში ვერცერთი ვიხილეთ მოედანზე, რაც მათი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე სრულებით არ ყოფილა გასაკვირი.

მოურინიოს კომენტარებზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდა „იუნაიტედის“ განაპირა მცველს - ლუკ შოუს: „ლუკმა პირველი ტაიმი საშინლად ითამაშა, მან ვერცერთი შემტევი ვერ შეაჩერა და მისი ფლანგიდან წამოსული შეტევების უმრავლესობა ჩვენს საჯარიმოში სახიფათო ჩაწოდებით სრულდებოდა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია". როგორც ჟურნალისტები იუწყებიან ლუკ შოუმ პორტუგალიელის კომენტარებზე საკუთარი უკმაყოფილება ვერ დაფარა და მოურინიოს გასახდელში დაუპირისპირდა.

ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე ჯოზემ განაცხადა, რომ მას მშვენივრად ესმის რა რისკებთანაა დაკავშირებული საჯაროდ საკუთარი ფეხბურთელების კრიტიკა, თუმცა იგი მზადაა საუკეთესო შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს. ჟოზეს მხარი დაუჭირა „ბრაიტონის“ თავკაცმა - კრის ჰიუტონმა: „მოურინიომ ბევრი ძლიერი გუნდი გაწვრთნა და პასუხისმგებლობას არცერთხელ გაქცევია, ის უნიკალური მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ იცის, რა არის საჭირო ასეთ კლუბებში წარმატების მისაღწევად. 

მოურინიოს აზრი "სიტისა" და "მანჩესტერის" სატრანსფერო პოლიტიკაზე იხილეთ აქ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები