ჯეფ ბეზოსი და ლივერპული? Amazon-ის მფლობელს აქციების შეძენას სთავაზობენ
ამერიკელი მილიარდერი ჯეფ ბეზოსი შესაძლოა, ლივერპულის თანამფლობელი გახდეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის სახელი კლუბის აქციების ნაწილის შეძენის შესაძლო გარიგებას უკავშირდება.
მერსისაიდული კლუბის მთავარი მფლობელი Fenway Sports Group (FSG), რომელიც „ლივერპულის“ აქციების 97%-ს ფლობს, მცირე წილის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამ მიზნით კომპანია მოლაპარაკებებს ბიზნესმენ ამიტ ბჰატიასთან დაკავშირებულ საინვესტიციო კონსორციუმთან აწარმოებს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, საუბარია კლუბის დაახლოებით 30%-იან წილზე, რომლის ღირებულება დაახლოებით 1.35 მილიარდ ფუნტ სტერლინგად ფასდება. ამავე ცნობით, ბჰატიას საინვესტიციო ჯგუფში გაწევრიანება შესთავაზეს ჯეფ ბეზოსსაც, რომელიც Amazon-ისა და The Washington Post-ის მფლობელია.
ბეზოსისთვის სპორტში ინვესტირება ახალი იდეა არ არის. წარსულში ის სიეტლ სიჰოუქსის და ვაშინგტონ კომანდერსის შეძენითაც ინტერესდებოდა, თუმცა ორივე შემთხვევაში შეთანხმება ვერ შედგა.
ცნობისთვის, ამერიკელი ინვესტორების გავლენა ინგლისურ ფეხბურთში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამჟამად პრემიერ ლიგის 20 კლუბიდან თითქმის ნახევარს ამერიკული კაპიტალი აკონტროლებს, მათ შორის არსენალს, ჩელსის და მანჩესტერ იუნაიტედს.
FSG-სა და ამიტ ბჰატიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია პირველად გასულ კვირას გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ FSG-მ „ლივერპული“ 2010 წელს დაახლოებით 300 მილიონ ფუნტად შეიძინა, ხოლო დღეს კლუბის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 6 მილიარდ ფუნტად არის შეფასებული.