Aa
Aa

ჟოზე მოურინიო: „სიტი თუ მსგავს სატრანსფერო პოლიტიკას გააგრძელებს „მანჩესტერს“ მისი დაწევა გაუჭირდება”

„მანჩესტერ იუნაიტედს“ წარუმატებელი სეზონი აქვს, გუნდი პრემიერ ლიგაში „სიტის“ 16 ქულით ჩამორჩება, ქალაქელებმა უკვე მოახერხეს „Carabao Cup”-ის მოგება და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა. რაც შეეხება „იუნაიტედს“ „სევილიასთან“ მარცხის შემდეგ მოურინიოს გუნდს მხოლოდ ასოციაციის თასის მოგების შანსებიღა შერჩა.

„წითელ ეშმაკებს“ არც მოურინიოს გუნდში მოსვლის შემდეგ დახარჯულმა სამასმა მილიონმა უშველა. ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღიარა, რომ გუარდიოლას „სიტიმდე“ მის გუნდს ბევრი უკლია და ჩამორჩენის მთავარ მიზეზად მიღებული მემკვიდრეობა დაასახელა: „რეალობა ისაა, რომ ზოგიერთი გუნდი მზადაა გამარჯვებისთვის, ზოგი კი შენების პროცესშია. თუ კლუბები, რომლებიც ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან, ფეხბურთში ფულის ჩადებას შეწყვეტენ და ჩვენ კვლავ განვაგრძობთ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას, მაშინ მათ საფეხბურთო დონეს მალე გავუთანაბრდებით. მაგრამ თუ ისინი ჩვენზე მეტ ტრანსფერს განახორციელებენ და ფეხბურთში ფულის დაბანდებას ამ ტემპებით გააგრძელებენ, მაშინ მათი დაწევა ძალიან გაგვიჭირდება. უკანასკნელი 7 წლის მანძილზე „სიტიმ“ ჩემპიონობა 2-ჯერ მოიგო, წელს დიდი ალბათობით ტიტულს მესამედ იზეიმებენ და ამ პერიოდში ორჯერ მოახერხეს მეორე ადგილზე გასვლა. სწორედ ესაა მემკვიდრეობა! იცით კიდევ რა არის მნიშვნელოვანი?! ნიკოლას ოტამენდი, კევინ დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა, რაჰიმ სტერლინგი, სერხიო აგუერო გუნდში 2 წლის წინ არ მოსულან და „სიტიში“ ასპარეზობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ“.

კითხვაზე ფიქრობს თუ არა ჟოზე, რომ მისი გუნდი „სიტის“ დონეს ვერასდროს გაუთანაბრდება მოურინიომ განაცხადა: „მე არ ვამბობ, რომ „ქალაქელებს“ ვერასდროს დავეწევით, ჩემპიონთა ლიგა ინტერის შემადგენლობაში მოვიგე, თუმცა იგივე შედეგის გამეორება „რეალში“ ვერ მოვახერხე. ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია! წლევანდელი პრემიერლიგა ძალიან ჰგავს მაშინდელ „ლა ლიგას“, თუმცა ეს ჩვენს მიზნებზე არ მოქმედებს. მე საკუთარი თავის რწმენას არასდროს დავკარგავ და მუდამ უმაღლესი ჯილდოებისთვის ვიბრძოლებ“.

ასევე იხილეთ - მოურინიო “მანჩესტერის” კრიტიკას განაგრძობს და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდი ცვლილებებისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები