რეკორდების მატჩი ეკატერინბურგში! - შვედეთმა მოიგო, თუმცა მექსიკაც გავიდა...
ეკატერინბურგში, "ეკატერინბურგ არენაზე", მექსიკასა და შვედეთს შორის, მუნდიალის მე-3 ტურის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული და ორივე გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.
2 ტურის შემდეგ, მექსიკელები უდანაკარგოდ ასპარეზობდნენ და ჯგუფს ლიდერობდნენ, შვედეთს კი 3 ქულა ჰქონდა და მხოლოდ გამარჯვება, ან სამხრეთ კორეის მხრიდან გერმანიის დამარცხება და მინიმუმ ქულა სჭირდებოდა.
Only one stat matters for #SWE and #MEX, though...
— FIFA World Cup ???? (@FIFAWorldCup) June 27, 2018
They are both through to the knock-outs!#MEXSWE pic.twitter.com/uyg8DBMdO5
შეხვედრის მე-13 წამზე, მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გაფრთხილება (ბარათი) ვიხილეთ. იგი მექსიკელმა ხესუს გალარდომ დაიმსახურა და მუნდიალის ისტორიაში, შესაძლოა, დიდი ხნით შევიდა.
მატჩის სტარტზე და ზოგადად, პირველ ტაიმში მაინც იგრძნობოდა, რომ შედეგი ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი იყო და მეტოქეებს გარისკვა უჭირდათ, თუმცა რამდენიმე საინტერესო მომენტი მაინც შეიქმნა. ძირითადად, შვედები აქტიურობდნენ და ეს სტანდარტული მდგომარეობისას ხდებოდა.

საინტერესოა ისიც, რომ მექსიკას მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო 21 მატჩიდან მხოლოდ 2 წაგება ჰქონდა და ორივე ეს მარცხი ბოლო ტურის შეხვედრებზე მოდიოდა - 2006 წელს - პორტუგალიასთან, 2010 წელს - ურუგვაისთან.
მექსიკელთათვის ეს ცუდი ტენდენცია გაგრძელდა და ყველაფერი 50-ე წუთზე დაიწყო, როცა კლაესონის გადაცემის შემდეგ, სკანდინავიელთა მცველმა, ლუდვიგ აუგუსტინსონმა მუნდიალზე სადებიუტო გოლი შეაგდო და საკუთარი გუნდი 1/8 ფინალისკენ მიმავალ გზაზე შეაყენა.

მე-60 წუთზე, "აცტეკებს" მეტოქის სწრაფი შეტევა გაეპარათ, დასარტყმელ პოზიციაზე მარკუს ბერგი გადიოდა, რომელიც ექტორ მორენომ ჯარიმით შეაჩერა და მსაჯმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა.
ბურთთან შვედების კაპიტანი, ანდრეას გრანკვისტი მივიდა, შესანიშნავად დაარტყა, რითაც ევროპელთა უპირატესობა, კომფორტული და დამაჯერებელი გახადა.
გრანკვისტმა მიმდინარე ჩემპიონატზე მე-2 გოლი გაიტანა. მან თავი სამხრეთ კორეასთან შეხვედრისასაც გამოიჩინა, როცა ასევე პენალტი შეაგდო და თავისიანებს 1:0 მოაგებინა.
გრანკვისტი პირველი შვედი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 პენალტის გატანა შეძლო.

მექსიკელთა წვალებას წერტილი 74-ე წუთზე დაესვა, როცა ედსონ ალვარესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მიმდინარე მუნდიალზე მე-7 ავტოგოლია, რაც ახალი რეკორდია. აქამდე ყველაზე მეტი ავტოგოლი 1998 წლის ჩემპიონატზე იყო გასული - 6.
ისიც ვთქვათ, რომ შვედეთმა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში 3 გოლი, 1994 წლის შემდეგ პირველად გაიტანა. იმ მუნდიალზე სკანდინავიელები 1/2 ფინალამდე მივიდნენ და საბოლოოდ, საპატიო მე-3 ადგილი დაიკავეს.

როგორც პარალელური მატჩის შედეგმა გაარკვია, ორივე ეს გუნდი 1/8 ფინალში გავიდა, რადგან უმოტივაციო სამხრეთ კორეამ მოქმედი ჩემპიონის, გერმანიის დამარცხება მოახერხა და სუპერსენსაცია შემოგვთავაზა.
შვედებმა პირველი ადგილი დაიკავეს და შემდეგ სტადიაზე E ჯგუფის მე-2 ადგილოსანს შეხვდებიან, ხოლო მექსიკას E ჯგუფის გამარჯვებულთან თამაში მოუწევს.