“იქ რომ ვყოფილიყავი, თავს დავარტყამდი“ - ზლატანმა პარედესი გააკრიტიკა
შვედეთის ნაკრების ლეგენდარულმა ყოფილმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ არგენტინის ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი მწვავედ გააკრიტიკა, შემდეგ კი მოულოდნელად სატელევიზიო ექსპერტის კარიერის დასრულებაც გამოაცხადა.
FOX Sports-ის ეთერში იბრაჰიმოვიჩმა პარედესის აგრესიულ ქცევას, რომელიც მატჩის დასრულების შემდეგ ერიკ გარსიასა და გავისთან დაპირისპირებაში გამოიხატა, არაპროფესიონალური უწოდა.
„პარედესს გაუმართლა რომ მოედანზე ჩემნაირი ფეხბურთელი არ იყო. მე იქ რომ ვყოფილიყავი, თავს დავარტყამდი და წითელ ბარათსაც მივიღებდი. მისი საქციელი სრულიად არაპროფესიონალური იყო,“ — განაცხადა ზლატანმა.
შვედი მხოლოდ არგენტინელით არ შემოიფარგლა და ესპანეთის ფეხბურთელებიც გააკრიტიკა, რადგან, მისი აზრით, თანაგუნდელების დაცვა სათანადოდ ვერ შეძლეს.
„ვერ ვხვდები, რას აკეთებდნენ ესპანეთის ფეხბურთელები?! უბრალოდ იდგნენ და უყურებდნენ, როგორ ურტყამდა სხვა მოთამაშე მათ თანაგუნდელს,“ — აღნიშნა მან.
შემდეგ კი იბრაჰიმოვიჩმა ყველასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა და პირდაპირ ეთერში სატელევიზიო ექსპერტის საქმიანობის დასრულება გამოაცხადა.
„გასული თვენახევრის განმავლობაში ბევრი ვისაუბრე, მაგრამ ეს ჩემი ბოლო სიტყვებია. ალექსი (ლალასი), ტიერი (ანრი), რებეკა (ლოუ), მადლობა ყველაფრისთვის.“
44 წლის შვედმა კოლეგებსა და მაყურებლებსაც მადლობა გადაუხადა.
„დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად ამ სტუდიაში მუშაობა. მადლობა FOX-ს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ყველას, ვინც გვიყურებდა. იმედი მაქვს, თქვენც ისევე ისიამოვნეთ, როგორც მე. ეს ჩემი ბოლო სტუმრობა იყო ამ სტუდიაში. ჩემთვის ეს პირველი და ამავე დროს ბოლო გამოცდილება აღმოჩნდა,“ — განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.