Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა

ჰიუსტონი - გოლდენ სტეიტი 92 - 101

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეშვიდე შეხვედრა ჩატარდა. ტეხასელებმა საკუთარ არენაზე „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ.

„ჰიუსტონმა“ პირველი ტაიმი დამაჯერებლად 11 ქულიანი სხვაობით მოიგო, თუმცა ტრადიციულად „მეომრების“ თავდასხმამ თავი მესამე მეოთხედში იჩინა და აღნიშნულ პერიოდში 33-15 იმარჯვა. „როქეთსმა“ საშინელი მეორე ნახევარი ჩაატარა, ტეხასელებმა ზედიზედ 27! სამქულიანი ააცილეს და მიუხედავად იმისა, რომ სამწამიანში კლინტ კაპელა აშკარად დომინირებდა, მასზე თამაშის აწყობა არ უფიქრიათ.

„გოლდენ სტეიტს“ 34 ქულით კევინ დურანტმა ულიდერა. სტეფ კარიმ აქტივში 27 ქულა ჩაიწერა. კლეი ტომპსონმა შეხვედრა 19 ქულით დაასრულა, დრეიმონდ გრინმა კი გუნდს 10 ქულა და 13 მოხსნა შესძინა.

„ჰიუსტონის“ რიგებში 32 ქულით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა. ტეხასელთა ლიდერმა 29-დან მხოლოდ 12 სროლა გამოიყენა და ბურთი 5-ჯერ დაკარგა. ერიკ გორდონმა აქტივში 23 ქულა ჩაიწერა, კლინტ კაპელამ კი შეხვედრა 20 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.

„გოლდენ სტეიტი“ ფინალში „კლივლენდს“ დაუპირისპირდება და პირველ შეხვედრა 1 ივნისს თბილისის დროით 05:00-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები