''უცხო გარემოში სრულიად მარტო ემოციურად ძალიან დავიტვირთე''
Aa
Aa

''უცხო გარემოში სრულიად მარტო ემოციურად ძალიან დავიტვირთე''

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი გიორგი ხარაიშვილი ''საბურთალოდან'' შვედურ ''გიოტებორგში'' გადავიდა. 21 წლის ნახევარმცველმა ''გიოტებორგის'' სასტარტოში პირველად შვედეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში ''ელფსბორგთან'' ითამაშა. აღნიშნული მატჩის 63-ე წუთზე ხარაიშვილმა ბრწყინვალე დარტყმით სადებიუტო გოლი შეაგდო.

sofascore-ის ვერსიით მატჩში მონაწილე ფეხბურთელთა შორის ყველაზე მაღალი შეფასება ქართველმა ნახევარმცველმა მიიღო. მას 7,6 ქულა დაუწერეს. შვედური მედია აღნიშნული მატჩის მიმოხილვისას აღნიშნავდა ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავ თამაშს, როგორც გოლის ეპიზოდში, ასევე მთელი მატჩის განმავლობაში.

''საბურთალოს'' აღზრდილი გიორგი ხარაიშვილი, რომელიც ვლადიმირ ვაისმა მოახლოებული ამხანაგური შეხვედრებისთვის გამოიძახა, crystalsport-ს ესაუბრა.

ადაპტაცია ''გიოტებორგში''

განსაკუთრებით ამინდთან გამიძნელდა შეგუება. სხვა მხრივ, ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც მიადვილებდნენ ადაპტაციის პროცესს. შვედები ძალიან თბილები და კომუნიკაბელურები არიან. რომ არა მათი ხასიათი, ყურადღება და სითბო, გარემოსთან შეგუება კიდევ დიდხანს გამიჭირდებოდა.

სათამაშო დროის სიმცირე

''გიოტებორგში'' ახალწვეულს სასტარტოში გარანტირებული ადგილი არ აქვს. ცხადია არც მე ვიყავი გამონაკლისი, მაგრამ მოტივაცია არ დამიკარგავს. ყოველ ვარჯიშზე ვცდილობდი თავის გამოჩენას. მას შემდეგ რაც ''გიოტებორგის'' 21 წლამდე გუნდში გოლი გავიტანე, მთავარმა მწვრთნელმა ჩათვალა, რომ სასტარტოში თამაშისთვის მზად ვიყავი. რაც შეეხება ''ელფსბორგთან'' მატჩს, მაქსიმალურად ვეცადე ნდობა გამემართლებინა, საკუთარ თავზე საუბარი არ მსურს, სხვას ვერაფერს ვიტყვი (იხილეთ გიორგი ხარაიშვილის სადებიუტო გოლი).

საქართველოსა და შვედეთის ჩემპიონატებს შორის განსხვავება

არ მსურს განსხვავებულ ნიშნებზე საუბარი. ვფიქრობ ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება. საქართველოს ჩემპიონატმა მისი პლუსებითა და მინუსებით ფეხბურთელად ჩამომაყალიბა და შედარებებს ვერ გავაკეთებ. მხოლოდ ერთი რამის თქმა მსურს, მხოლოდ ერთს და ყველაზე მნიშვნელოვანს ვიტყვი, რომ შვედეთში ძალიან უყვართ ფეხბურთი მისი მინუსებითა და პლუსებით. საქართველოშიც ბევრი ქომაგია, თუმცა აქ მთელი ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს. 

პროფესიული განვითარება

შვედეთში გატარებულმა სამმა თვემ ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, რადგან სრულიად უცხო ქვეყანაში საყვარელი ადამიანებისგან შორს აღმოვჩნდი. ემოციურად ძალიან დავიტვირთე. ამ ფაქტორების გათვალისწინების მიუხედავად უფრო მოტივირებული გავხდი. შესაბამისად უფრო მეტად ვცდილობ პროფესიულ განვითარებას, რომ პირადი ცხოვრებაც უკეთ დავალაგო და ავიხდინო კარიერული ოცნებები.

თავისუფალ დროს

დამატებით სატრენაჟორო დარბაზში დავდივარ ხოლმე. გარდა ამისა ტყეში ვსეირნობ, ხშირად ვუსმენ სიუზი კუატროსა და კრის ნორმანს. ისინი ჩემი და ჩემი მეორე ნახევრის საყვარელი მუსიკოსები არიან. მათი სიმღერები ძალიან პოზიტიური ენერგიითაა დატვირთული და ჩემს მეორე ნახევარს მახსენებს.

მთავარ მწვრთნელ პოია ასბაღის შესახებ
''გიოტებორგის'' მთავარი მწვრთნელი ძალიან კომფორტული პიროვნებაა. ის ყველანაირად მეხმარება, რომ არაფერი გამიჭირდეს. მიუხედავად იმისა, რომ ''ელფსბორგთან'' მატჩამდე სასტარტოში არ მათამაშებდა, მისგან ყოველთვის ვგრძნობ ნდობასა და იმედს. პოია დიდ მნიშვნელობას პრესინგით თამაშს ანიჭებს და ტაქტიკურ მონახაზს მეტოქის მიხედვით ადგენს. მეტოქიდან გამომდინარე ხან დაცვითი სტილის ფეხბურთს ვთამაშობთ, ხან კი მეტ დრო ვატარებთ მეტოქის ნახევარზე.
გიორგი ხარაიშვილი და პოია ასბაღი
''გიოტებორგის'' მიზანი მიმდინარე სეზონში
შვედეთში არაერთი გუნდის მიზანია ჩემპიონობა. ''გიოტებორგიც'' ჩემპიონობას გეგმავდა, თუმცა სამწუხაროდ ბევრი ქულა დავკარგეთ, რაც ხშირად უიღბლობით იყო განპირობებული. ამჟამად ჩვენი მიზანი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაა, რომ ევროტურნირზე თამაშის უფლება მივიღოთ.
''გიოტებორგის'' არასტაბილურობის მიზეზი
სავარჯიშო პროცესი ხშირად საკმაოდ დაბალი ტემპერატურის ფონზე იმართებოდა, რაც თითოეულ ფეხბურთელზე ძალიან ცუდად მოქმედებდა. ვარჯიში თუ თამაში გაუსაძლის ამინდში გვიწევდა. გასაგებია, რომ ანალოგიური პრობლემა სხვა შვედურ გუნდებსაც ჰქონდათ, თუმცა ვფიქრობ ჩვენი მთავარი პრობლემა ამინდი იყო.
მიწვევა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში
სიმართლე გითხრათ არ ველოდი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას. გამომდინარე იქიდან, რომ საკლუბო დონეზე მინდორზე მცირე დროს ვატარებდი, ეროვნულ გუნდში მიწვევა მოულოდნელი იყო.
შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისმა ხარაიშვილი მეორედ გამოიძახა. პირველად 2016 წელს დუბაიში გამართულ შეკრებაზე უხმო. სლოვაკმა ხარაიშვილი უზბეკეთთან და იორდანიასთან ამხანაგურ შეხვედრებში მეორე ტაიმში ჩართო თამაშში. მას შემდეგ ხარაიშვილი პირველად მოხვდა ვაისის რჩეულთა შორის.
გიორგი ხარაიშვილის შესახებ ასევე იხილეთ
მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები