ქართველები შვედეთში - ხარაიშვილის დებიუტი დრამატული მარცხით
Aa
Aa

ქართველები შვედეთში - ხარაიშვილის დებიუტი დრამატული მარცხით

შვედეთის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში გიორგი ხარაიშვილის დებიუტი შედგა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მეორე ტურში ''გიოტებორგის'' მაისურით ''ჰამარბის'' წინააღმდეგ ითამაშა, ''საბურთალოს'' აღზრდილი 89-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. გიორგის მოედანზე გამოსვლისას ანგარიში ფრედ 1:1 იყო, თუმცა პირველ დამატებულ წუთზე სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

შვედური ვებგვერდი svenskafans-ი ფეხბურთელებს აფასებს შესაბამისი ქულებით, თუმცა ხარაიშვილმა იმდენად მცირე დრო გაატარა მინდორზე, მისი თამაში არ შეუფასებიათ.

გიორგი ხარაიშვილი გახდა მეოთხე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც შვედეთის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში ითამაშა. გიორგის დებიუტი ''გიოტებორგის'' შემადგენლობაში 10 მარტს, შვედეთის თასის მეოთხედფინალში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ''მალმიოსთან'' შედგა. 79-ე წუთზე 21 წლის ქართველი შემტევი ჩაერთო თამაშში, მისი გუნდი კი მინიმალური სხვაობით დამარცხდა და ნახევარფინალში ''მალმიო'' გავიდა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართველებმა შვედეთში პირველად 1991 წელს ითამაშეს, კახა ცხადაძე და სოსო ჭედია, რომლებიც შემდგომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდნენ, შვედეთის უმაღლესი ლიგის კლუბ ''სუნდსვალის'' შემადგენლობაში ჩაირიცხნენ. სოსო ჭედიამ შვედეთის უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა, კახა ცხადაძემ კი მხოლოდ ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ქართველთაგან მესამე იყო ზურაბ ცისკარიძე, რომელმაც 2017 წელს ''ესკილსტუნასთან'' გააფორმა ხელშეკრულება. 31 წლის მცველმა, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია, შვედეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა, თუმცა გუნდმა წარუმატებლად იასპარეზა და ამჟამად რანგით მეორე ლიგაში გამოდის. ქართველ მცველს გუნდი არ დაუტოვებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები