Aa
Aa
17 მაისი 2018  |  10:32

"ატლეტიკომ" ევროპა ლიგა მესამედ მოიგო!

ევროპა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის გამარჯვებული მადრიდის "ატლეტიკო" გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ფრანგულ "მარსელს" 3:0 მოუგო.

მატჩის 21-ე წუთზე ანგარიში ანტუან გრიზმანმა გახსნა, რასაც 49-ე წუთზე მისი კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა მოჰყვა. საბოლოო წერტილი 89-ე წუთზე ესპანელთა კაპიტანმა, გაბიმ დასვა, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრაში გოლი 2015 წლის შემდეგ პირველად გაიტანა, უშუალოდ ევროტურნირებზე კი თავი 2011 წლის შემდეგ პირველად გამოიტანა. 34 წლის გაბი ევროპა ლიგის (ოღონდ არა - უეფას თასის) ფინალებში გოლის გამტანი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია.

უეფას ოფიციალურმა საიტმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გრიზმანი დაასახელა, რომელიც მე-9 ფეხბურთელია, ვინც ამ ტურნირის ფინალში დუბლი შეასრულა - ჰეთ-თრიქი არავის შეუსრულებია.

"ბევრს ვმუშაობდი, რათა ასეთ მომენტებში უკეთ თამაშის გამოცდილება მქონოდა. 14 წლის ვიყავი, როცა სახლი დავტოვე და სხვაგან წავედი, მაშინ ჩემი მიზანი და სურვილი ტიტულების მოგება იყო.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ წაგების შემდეგ, მოტივირებულები ვიყავით, რომ მორიგი შანსი ხელიდან არ გაგვეშვა. არ მსურდა, რომ ასე მომხდარიყო". - განაცხადა გრიზმანმა მატჩის შემდეგ.

მადრიდის "ატლეტიკო, "იუვენტუსს", "ინტერსა" და "ლივერპულს" გაუთანაბრდა - ჩამოთვლილ გუნდებს ეს ტურნირი 3-ჯერ აქვთ მოგებული. უკეთესი შედეგი მხოლოდ "სევილიას" აქვს, რომელმაც უეფას თასსა და ევროპა ლიგაზე 5-ჯერ იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ამ ტურნირს ევროპა ლიგა დაერქვა, ესპანურმა გუნდებმა 9-დან 6-ჯერ იმარჯვეს. "სევილიამ" და "ატლეტიკომ" ეს 3-ჯერ გააკეთეს. მადრიდელთა წინა გამარჯვებები 2010 და 2012 წლით თარიღდება. 

რაც შეეხება "მარსელს", 1999 და 2004 წლების შემდეგ მან აღნიშნული ტურნირის მე-3 ფინალი წააგო. წინა შემთხვევებში მას გზა "პარმამ" და "ვალენსიამ" გადაუღობეს.

უეფას თასის გათამაშება სათავეს 1971-72 წლების სეზონიდან იღებს, იქამდე გათამაშება სხვა ფორმატით ტარდებოდა. გთავაზობთ გათამაშების ყველა ფინალსის შედეგს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები