ზლატანი: “საფრანგეთს ზიდანი სჭირდება, ის უფრო მენეჯერია, ვიდრე მწვრთნელი“
ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდიე დეშამის იდეალური შემცვლელი ზინედინ ზიდანი იქნება.
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან 0:2 მარცხის შემდეგ დეშამის 14-წლიანი ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა. საფრანგეთის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი გუნდს კიდევ ერთხელ უხელმძღვანელებს მესამე ადგილისთვის მატჩში, რის შემდეგაც თანამდებობას დატოვებს. მისი მთავარი მემკვიდრის კანდიდატად კი დიდი ხანია ზინედინ ზიდანი ითვლება.
„ზიდანმა „რეალში“ შესანიშნავად იმუშავა. მან სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ყველამ ვიცით, რომ საფრანგეთის ნაკრებს სწორედ ის ჩაიბარებს. ვფიქრობ, ის გააგრძელებს იმ საქმეს, რომელიც დეშამმა ააშენა. ფეხბურთელების არჩევა რთული არ იქნება — საჭირო მოთამაშეები უკვე ჰყავს. ახლა მთავარია, გუნდს საკუთარი ხედვა და მართვის სტილი შესძინოს. ჩემი აზრით, ის უფრო მენეჯერია, ვიდრე მწვრთნელი, რადგან ამ გუნდს მწვრთნელი არ სჭირდება — მას მენეჯერი სჭირდება,“ — განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა Fox Sports-თან საუბრისას.
შვედმა ლეგენდამ აღნიშნა, რომ ესპანეთთან შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებს ენერგია და ინიციატივა აკლდა.
„ფრანგი ფეხბურთელები ცოცხლად არ გამოიყურებოდნენ, არ იყვნენ საკმარისად აქტიურები. როცა ესპანეთს სწრაფად გააქვს გოლი, შემდეგ ბურთის დევნა ძალიან რთულია, თუმცა მათ მეტის გაკეთება შეეძლოთ. ესპანეთი უკეთესი გუნდი იყო და დამსახურებულად გავიდა ფინალში,“ — თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
მისი თქმით, მატჩის მსვლელობისას საჭირო იყო გარკვეული ტაქტიკური ცვლილებები, რომლებიც საფრანგეთის სამწვრთნელო შტაბმა ვერ განახორციელა.
„აშკარა იყო, რომ თამაშის მიმდინარეობისას რამდენიმე ცვლილების შეტანა შეიძლებოდა. სწორედ ეს არის მწვრთნელის ყველაზე რთული ამოცანა — სწორ დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება,“ — დასძინა მან.
მიუხედავად კრიტიკისა, იბრაჰიმოვიჩმა დიდიე დეშამის ღვაწლიც განსაკუთრებულად შეაფასა.
„ის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია. მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ერთა ლიგა მოიგო, ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალებში ითამაშა. ბევრს ჰგონია, რომ ვარსკვლავებით სავსე გუნდის გაწვრთნა მარტივია, მაგრამ ეს ასე არ არის. ასეთი კოლექტივის მართვა ძალიან რთულია. დეშამი წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე მუშაობდა და ყოველთვის ფავორიტთა შორის იყო,“ — განაცხადა შვედმა.