გაიტანა, აქტიურობდა და მომენტები ჰქონდა | ბუდუს ჰაიდენჰაიმის მარცხი დარმშტადტთან
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-12 ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „დარმშტადტს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სტუმრად ითამაშა და 5-მატჩიანი მოუგებელი სერია ვერ შეწყვიტა. „ჰაიდენჰაიმმა“ გასვლაზე ზედიზედ მესამე თამაში წააგო და 1:3 დამარცხდა.
ბუდუმ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო. მე-5 წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში გახსნა. ბუდუმ დასწრებაზე ითამაშა და „დარმშტადტის“ კარი აიღო — 1:0.
მე-13 წუთზე ზივზივაძეს დუბლის შესრულება შეეძლო. ბუდუმ თავით დაარტყა და კარს მცირე მანძილით ააცილა. მე-20 და 23-ე წუთზე ზივზივაძის დარტყმები მეკარემ მოიგერია, ხოლო 50-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა არაზუსტად დაარტყა.
ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 36 შეხება, 8 დარტყმა (3 ზუსტი, 2 დაბლოკილი, 3 არაზუსტი), 13-დან 10 ზუსტი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 2 დაბრუნებული ბურთი. Sofascore-მა მისი თამაში 7.4 ქულით შეაფასა.
ცნობისთვის, ზივზივაძეს ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 5 გოლია. რაც შეეხება „ჰაიდენჰაიმს“, მას 16 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციას იკავებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს