8 იაპონელი ლეგიონერი და რთული პერიოდი | იბერია 1999-ის პირველი მეტოქე კონფერენს ლიგაზე
„იბერია 1999“ კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის პირველ შეხვედრას 15 ოქტომბერს გამართავს. თბილისის დროით 23:00-ზე Crystalbet ეროვნული ლიგის ჩემპიონი „სენტ-ტრუიდენს“ დაუპირისპირდება, რომელსაც კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას.
„სენტ-ტრუიდენმა“ ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხი წააგო და ჟუპილერ პრო ლიგის მიმდინარე სეზონში, 8 მატჩში, 16 გოლი აქვს გაშვებული. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრედერიკ დე მეიერია და ბელგიური პრესის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელები მისგან სიტუაციის უსწრაფესად გამოსწორებას ითხოვენ.
„სენტ-ტრუიდენის“ ფეხბურთელმა, სამედ ბაზდარმა, დე მეიერთან დაკავშირებით ისაუბრა და საკუთარი თავკაცი დაიცვა: „გუნდი მთავარ მწვრთნელს ერთსულოვნად უჭერს მხარს. მისი სათამაშო გეგმა აშკარაა, უბრალოდ დავალება უკეთესად უნდა შევასრულოთ. ვიცით, რომ მთავარი მწვრთნელი კრიტიკის ობიექტია, მაგრამ მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს“.
„სენტ-ტრუიდენი“ 1924 წელს დაარსებული კლუბია და მის საშინაო სტადიონზე 14 600 ადამიანი ეტევა. 1965-1966 წლების სეზონში „სენტ-ტრუიდენმა“ ბელგიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და ეს მის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
Transfermarkt-ზე „სენტ-ტრუიდენის“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იაპონელი მეკარე ლეო კოკუბოა (5 მილიონი ევრო). მეორე პოზიციაზე მარცხენა გარემარბი ილიას სებაუია, მის შემდეგ კი ზემოთ ხსენებული ბაზდარი და რობერტ-იან ვანვესემელი (3-3 მილიონი ევრო) მოდიან. „სენტ-ტრუიდენს“ 18 ლეგიონერი ჰყავს, მათგან 8 — იაპონიიდან.
გასულ სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი კეისუკე გოტო გახდა, რომელიც „ანდერლეხტიდან“ იჯარის წესით ჰყავდათ დამატებული. მიმდინარე სეზონში ბაზდარსა და სებაუის 5 და 4 გოლი აქვთ გატანილი, რაიან მერლენს — 3.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს