მარცხი გერმანიასთან | 21-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევში მე-4 ადგილზე გავიდა
გიორგი ადამიას გაწვრთნილმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევში გამოსვლა გერმანიასთან მარცხით დაასრულა. გერმანიამ, რომელსაც ანტონიო დი სალვო წვრთნის, ბილეფილდში ჯენან პეიჩინოვიჩის დუბლით გაიმარჯვა.
F ჯგუფში გერმანია 27 ქულით პირველზე გავიდა, საბერძნეთმაც 27 ქულა დააგროვა, თუმცა ბურთების უარესი შეფარდების გამო მეორე ადგილი დაიკავა, ჩრდილოთ ირლანდიის აქტივში 14 ქულაა, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 10 ქულა დააგროვა, ლატვია 8 ქულით მეხუთეა, მალტა 0 ქულით აუტსაიდერია. ქართველმა ფეხბურთელებმა მხოლოდ 2 მატჩი მოიგეს, ორივე აუტსაიდერ მალტასთან. როგორც ჩრდილოეთ ირლანდიასთან, ასევე ლატვიასთან ორივე მატჩი ფრედ დაასრულეს. როგორც გერმანიასთან, ასევე საბერძნეთთან ორივე მატჩი დავთმეთ ისე, რომ 1 გოლიც ვერ გავიტანეთ.
ანგარიში გერმანიის ნაკრებმა მე-10 წუთზე გახსნა, ნოა დარვიჩის დარტყმისას ბურთი მის თანაგუნდელს, ჯენან პეიჩინოვიჩს მოხვდა და პაპუნა ბერუაშვილის კარში აღმოჩნდა.
მეორე ტაიმში დიეგო დეისაძემ „აინტრახტის'' მარჯვენა მცველს, ელიას ბაუმს ბურთი აართვა და გერმანიის ნაკრების კარისკენ მახვილი კუთხიდან დაარტყა, ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.
ნიკოლოზ დადიანის დარტყმის შემდეგ გერმანელთა მეკარე მიო ბაკჰაუსი შეცდა, ალეკო ბასილაძე გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა.
69-ე წუთზე მეკარე პაპუნა ბერუაშვილმა ნარიმანიძის მისამართით ძალიან ცუდი პასი გააკეთა, ანალოგიურად ნარიმანიძემაც ცუდად ითამაშა, ბურთი ვერ შეინარჩუნა და დაკარგა, ჯენან პეიჩინოვიჩმა დუბლი შეასრულა.