სალაჰი მართალია! ეგვიპტის ფედერაციამ უკან "დაიხია"
მოჰამედ სალაჰსა და ეგვიპტის ფედერაციას შორის გაჩენილი დაპირისპირება პოლიტიკური ელიტის ჩარევის შედეგად მშვიდობიანად გადაიჭრა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა მნიშვნელოვანი ფიგურაა სალაჰი მშობლიურ ქვეყანაში.
მოჰამედსა და ფედერაციას შორის კონფლიქტის მიზეზი საკმაოდ უცნაურია, „ფარაონების“ თვითმფრინავზე სხვა ფეხბურთელებთან ერთად სალაჰიცაა გამოსახული, ხოლო ნაკრების ოფიციალური სპონსორი “WE”-ია. პრობლემა ისაა, რომ მოჰამედი “WE”-ს კონკურენტის, “VODAFONE“-ის სახეა და რემი აბასის თქმით (სალაჰის ადვოკატი) სალაჰის სურათის სხვა კომპანიის ლოგოს გვერდით გამოყენება კანონის დარღვევაა.

კვირას, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ხალედ აბდელ-აზიზმა ფედერაციის საბჭოს წევრები მოიწვია და საგანგებო შეხვედრა გამართა. როგორც მინისტრი იუწყება ფედერაციამ სალაჰის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.აბდელ-აზიზმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა სადაც განაცხადა:“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ინგლისში სალაჰის გაფორმებულ კონტრაქტებს ზიანი არ მივაყენოთ“.მოგვიანებით კი ერთ-ერთ პოპულარულ გადაცემაში აღნიშნა:“ჩათვალეთ, რომ ყველა მოთხოვნა, რომელიც სალაჰმა წამოაყენა, დაკმაყოფილებულია“.
შეხვედრაში მონაწილე ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკური ნება ქვეყნის უმაღლესი მმართველი სტრუქტურებიდან მოდიოდა. ინფორმაციის წყაროებმა ანონიმურობა არჩიეს, რადგან ამ შეხვედრის შესახებ მედიასთან საუბარი მათ კატეგორიულად აეკრძალათ.

აბდელ-აზიზმა კონფლიქტის გაჩენაში ფედერაცია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ ასეთი ვარსკლავური სტატუსის მქონე ფეხბურთელთან დაკავშირებული კომერციული საკითხების გარკვევის სათანადო რესურსი არ აღმოაჩნდათ.
თავისმხრივ ფედერაციამ მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორე დაადასტურა და სოციალურ ქსელში ფედერაციის პრეზიდენტის ჰანი აბ რიდას მიერ სალაჰისთვის სატელეფონო საუბარში ნათქვამი სიტყვები გაასაჯაროა:“ყველაფერი, რაც გაღიზიანებდა გამოსწორებულია. ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკრების ერთიანობა და მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეული გამოსვლაა. აღნიშნულ სიტუაციას სალაჰი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა:“შეურაცხმყოფელი და სამწუხაროა, რომ პრობლემა ასეთი გზით მოგვარდა. იმედი მქონდა, რომ საკითხს გაცილებით სასიამოვნო დასასრული ექნებოდა“. თუმცა მოჰამედის აგენტი, რემი აბასი სხვა აზრზეა და მისთვის ჯერ ყველაფერი წინაა. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ფედერაციამ დეტალების დაზუსტებაზე უარი განაცხადა.
დაპირისპირება ექვსი თვის წინ დაიწყო. სალაჰი კი 1990 წლის შემდეგ პირველად ეგვიპტესთან ერთად მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს. მუნდიალზე ეგვიპტე რუსეთის, საუდის არაბეთის და ურუგვაის წინააღმდეგ იასპარეზებს. რაც შეეხება მეორე საერთაშორის ტურნირს, ჩემპიონთა ლიგას, სალაჰის წინამძღოლობით ლივერპულმა რომა 5-2 დაამარცხა და ფინალში გასვლის მშვენიერი შანსი მოიპოვა.

არცერთ ეგვიპტელ სპორტსმენს არ მიუღია იმდენი ყურადღება, რამდენიც სალაჰმა “ლივერში" გადასვლის შემდეგ მიიღო. მოჰამედმა ფეხბურთზე გაგიჟებული 100 მილიონი ადამიანის გული დაიპყრო და მათ კერპად იქცა.დღე არ გავა ისე რომ სალაჰის შესახებ ეგვიპტურ გაზეთებში არ დაიწეროს. მოჰამედმა ქვეყანაში მესისა და რონალდოს პოპულარობაც გადაფარა და ეგვიპტელთა აზრით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მასზე საუბარი ხალხში სიამაყისა და ბედნიერების გრძნობებს აჩენს და ყოველდღიურ ეკონომიკურ პრობლემებს რამდენიმე წუთით ავიწყებს.

მომ ეგვიპტელებს თანადგომისთვის მადლობა არაერთხელ გადაუხადა და ერთ-ერთ თავის „ტვიტში“ აღნიშნა:“მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო, თქვენმა გამოხმაურებამ და თანადგომამ თავი უბედნიერეს ადამიანად მაგრძნობინა“.
ეგვიპტელებმა სალაჰის მხარდასაჭერად „ტვიტერზე“ აქციაც წამოიწყეს, სადაც ისინი „ჰეშთეგთან“ ერთად „მე მხარს მოჰამედ სალაჰს ვუჭერ“-ს წერდნენ. „ტვიტერის ომში” გულშემატკივრებმა პოლიტიკური გარემოს პრობლემატურობა და კორუფციაც მოიხსენიეს.
მოჰამედი ამ „ომსაც“ გამოეხმაურა და „მე მხარს მოჰამედ სალაჰს ვუჭერ“-ის გამო ბოდიშიც მოიხადა.
საინტერესოა, რომ სალაჰის ბოდიშს ეგვიპტელმა კომიკოსმა მოჰამედ ჰენედიმ უპასუხა:“ტვიტერის შესახებ ნუ ინერვიულებ. მთელი კონცენტრაცია „რომასთან“ მატჩზე გადაიტანე და წარმატების შემთხვევაში ახალ ჰეშთეგს კი არა მთელ სოციალურ ქსელს შეგიქმნით“.
